საქართველოში ოპერირებას Edelweiss Air იწყებს - რა ეღირება ფრენები

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრენები ციურიხი - თბილისი - ციურიხის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულება.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება.

როგორც Edelweiss Air-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ფრენები აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით შესრულება.

რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, 12 აპრილის რეისზე 268 ევროს შეადგენს. თუმცა, ფასის დიაპაზონი ცვლადია და საშუალოდ, 189 ევროდან 393 ევრომდე მერყეობს.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 20 მარტს მიანიჭა.

Edelweiss Air-ი ორიენტირებულია დასვენებისა და მოგზაურობის მსურველებისთვის ტურისტული მიმართულებების შეთავაზებით.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, ავიაკომპანიის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელმისაწვდომს გახდის საქართველოსა და შვეიცარიას შორის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ევროპიდან ტურისტული ნაკადების გაზრდას.

ნინი ქეთელაური