343 ათასი დასაქმებულის ხელფასი 2400 ლარზე მეტია - PMCG

2025 წლის თებერვალში ყოველთვიური ხელფასის მიმღები პირების რაოდენობა წლიურად 1.6%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის ანგარიშში.

უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, წელს საანგარიშო პერიოდში იმ პირების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს ყოველთვიურად იღებდნენ, 966 305 შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის თებერვალში ხელფასის მიმღებთა უდიდესი ნაწილის (343 ათასი ადამიანის) თვიური შემოსავლები 2400 ლარზე მეტი იყო.

ამასთანავე, ანგარიშის თანახმად, 326 ათასი დასაქმებულის ხელფასი 1200 ლარიდან 2399-ლარამდეა. 600-1199 ლარის ფარგლებშია 192 ათასი პირის ხელფასი, ხოლო 142 ათას ადამიანს ყოველთვიური ხელფასი 0-599 ლარის ფარგლებში აქვს.

„თებერვალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.8%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.5-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, - ვკითხულობთ PMCG-ის კვლევაში.

მერი ტაბატაძე