„უძრავი ქონების თვითღირებულება გაიზარდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ დარგში განხორციელებული ცვლილებების შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.
საუბარია სამშენებლო სექტორში ორ ძირითად ცვლილებაზე, რამაც პროექტების თვითღირებულების ზრდა გამოიწვია. ერთი მხრივ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები ორგანიზაციის, საწარმოების ან მეწარმე ფიზიკური პირის მომსახურების შემთხვევაში მცირე მეწარმის სტატუსით ვეღარ სარგებლობენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით იბეგრებიან.
მეორე მხრივ კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 25 იანვრიდან სექტემბრამდე არმატურის იმპორტი ტონაზე დამატებით 148 დოლარით იბეგრება. ცნობისთვის, 2024 წელს ტონაზე არმატურის ფასი 570 დოლარი იყო, მთავრობის გადაწყვეტილებით კი 718 დოლარამდე გაიზარდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ ორთოიძე აღნიშნავს, უძრავი ქონების ნაწილზე მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგები ფასში უკვე აისახა, დარჩენილის შემთხვევაში კი შესაძლოა, გაზრდილი ფასები სამომავლოდ აისახოს.
„მესმის, რომ როცა მოთხოვნა იკლებს ფასის გაზრდა არც თუ ისე ხელსაყრელია, თუმცა, მოთხოვნა მზარდია თებერვლიდან მოყოლებული და ეს ტენდენცია მარტშიც საგრძნობლად შენარჩუნდა. ვხედავთ, რომ მიმდინარე წელს სამშენებლო პროექტების ფასი გაიზარდა, იმიტომ რომ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, პირველი - არმატურის აქციზი შემოვიდა, მეორე - ინდ. მეწარმეებზე ის შეღავათი მოიხსნა, რაც მათ გააჩნიათ სამშენებლო სექტორში. ორივე ფაქტორის გათვალისწინებით, უძრავი ქონების თვითღირებულება გაიზარდა, რაც ცალსახად აისახება გასაყიდ ფასზე. რიგ შემთხვევაში უკვე აისახა, სხვა შემთხვევაში შესაძლოა, სამომავლოდ აისახოს“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.