ChinaAid-ი USAID-ის სანაცვლოდ - ჩინეთი ამერიკულ დაფინანსების ჩანაცვლებას ცდილობს

ჩინეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეწყვეტილ USAID -ის აზიურ პროექტებში ჩანაცვლებას ცდილობს - ამის შესახებ Politico წერს.

კერძოდ, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ნეპალის მთავრობას USAID-ის დაფინანსების ვაკუუმის საკუთარი სახსრებით შევსება შესთავაზეს. ასევე, ალტერნატიულ ჩინურ დაფინასნებას წყნარი ოკეანის კუკის კუნძულების ოფიციალური პირებიც მოელიან.

კოლუმბიაში, რომელმაც 2024 წელს USAID-ისგან, დაახლოებით, 385 მლნ დოლარი მიიღო, არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ პეკინი ვაკუუმის შევსებით დაინტერესებულია. ამასთან, თეთრი სახლის მიერ USAID-ის დახურვის, თითქმის, სინქრონიზებულად ჩინეთმა გამოაცხადა, რომ კამბოჯაში განაღმვითი ოპერაციებისთვის 4,4 მლნ დოლარს გამოყოფს, რის დაფინანსებაზეც ვაშინგტონი უარს ამბობდა.

პეკინს, ასევე, ის ფაქტი ეხმარება, რომ დაფინანსება იმ ორგანიზაციებს არ უკავშირდება, რომლებიც ჩინეთში ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობენ. ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგ ორგანიზაციებს არაფორმალურად უკვე მიმართეს, რომ მათთვის ახალი „სპონსორები“ გაეცნოთ. სანაცვლოდ მათ ჩინეთის საჯარო კრიტიკის მაგივრად ქვეყანაში ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ხელისუფლებისადმი დახმარება სთხოვეს.

ჩინურმა ინტერნეტმა USAID-ის საქმიანობის შეჩერება და ილონ მასკის მხრიდან სააგენტოს კრიტიკა მეტად აქტიურად და სიხარულით გააშუქა. მაშინვე გაჩნდა მოსაზრებები, რომ ჩინეთმა, როგორც აშშ-ის ანტაგონისტმა, ეს დროშა უნდა აიტაცოს და გლობალური სამხრეთის ქვეყნებში ჩაიტანოს.

ჩინეთი თავის საგარეო დახმარების ბიუჯეტს არ ასაჯაროებს, თუმცა William & Mary Global Research Institute-ის კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანამ 2000-დან 2021 წლამდე პერიოდში განვითარებადი ქვეყნებისთვის 1,34 ტრლნ დოლარი, ძირითადად,”ერთი სარტყელი-ერთი გზის” ინიციატივის ფარგლებში გამოყო. 2018 წელს პეკინმა ჩინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო, ანუ ChinaAid შექმნა, რომელსაც დახმარების, როგორც საგარეო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტის ეფექტურობა უნდა გაეზარდა. 2024 წელს ჩინეთმა აფრიკის ქვეყნებს 50 მლრდ დოლარზე მეტ დამატებით დაფინანსებას დაჰპირდა, რითაც ის ავსტრალიის შემდეგ წყნარი ოკეანის რეგიონის მეორე უმსხვილესი დონორი გახდა.

ჩინეთის რბილი ძალის პროექტებს შორის კონფუცის ინსტიტუტიცაა. ეს არის გლობალური პროგრამა, რომელიც ჩინური ენისა და კულტურის შესწავლას ხელს უწყოს. ინსტიტუტი, ასევე, წარმოადგენს ფორუმს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდინარე მეკონგის სუბრეგიონსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობას ავითარებს.

ამჟამად ჩინეთის დახმარება, ძირითადად, წყნარი ოკეანის მცირე ქვეყნებისკენ არის მიმართული, რომ პეკინმა ამ რეგიონში თავისი ქსელი ეტაპობრივად გააფართოოს და ავსტრალიასა და ახალ ზელანდიამდე მიაღწიოს.

თავად ჩინეთი ამერიკულ დაფინანსებაში ჩანაცვლების შესახებ ბრალდებებს უარყოფს. ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემია ნეპალში ჩინეთის ქმედებების შესახებ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს. აკადემიის შეფასებით, “უცხო ქვეყნებისთვის ჩინეთის დახმარება მხოლოდ კონსულტაციებს, ერთობლივ მშენებლობებსა და საერთო სარგებელს მოიცავს და მათზე პოლიტიკური ზეგავლენისთვის ამ დახმარებას ბერკეტად არ იყენებს.“ ასევე, ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტის განცხადებით, “აშშ-ს საკუთარ სისტემაში უამრავი პრობლემა აქვს და პასუხისმგებლობის გადატანას ჩინეთის პოლიტიზებითა და დადანაშაულებით ცდილობს.“ უნივერსიტეტის შეფასებით, პრეტენზია იმის შესახებ, რომ USAID-ის დემონტაჟი ჩინეთს გავლენის ვაკუუმის შევსების საშუალებას მისცემს, “ყალბი შემეცნებითი სტრუქტურაა, რომელიც დასავლურ მიკერძოებაზე არის აგებული.”

მოამზადა ლადო სულაბერიძემ