16 ხიდი და 3 კვანძი - სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს თბილისის შემოვლითი გზის 10.9-კილომეტრიანი პროექტის საჯარო განხილვაზე განაცხადი წარუდგინა. კერძოდ, საუბარია ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის მონაკვეთის აეროპორტი-ლოჭინის უბანზე (ლოტი #4). დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა 2025 წლის 8 მაისს გაიმართება.

სად გაივლის თბილისის შემოვლითი გზის 10.9 კმ-იანი მონაკვეთი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დოკუმენტაციის თანახმად, ლოტი 4-ის საზღვრებში მოეწყობა ჯამში 4 კვანძი (3 ახალი), ტერიტორიაზე დაგეგმილია 16 სამანქანო და 2 საფეხმავლო ხიდის (გეზ-ის და კახეთის გზატკეცილის ზონაში) მშენებლობა.

screenshot-2-1742986967.jpg

„ლოტი 4 იწყება ბოლო კვეთიდან, მიუყვება მიტოვებული შემოვლითი რკინიგზის დერეფნის ბოლო მონაკვეთს, გადის ლოტი 5-თან შეერთების წერტილამდე. მაგისტრალი არსებულ საგზაო ქსელს უკავშირდება საპროექტო კვანძების მეშვეობით.

მონაკვეთი უზრუნველყოფს ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებასთან ‘სწრაფ“ კავშირს და, ამავე დროს, იძლევა აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე წვდომის საშუალებას. ამასთანავე, აუმჯობესებს გზის გასწვრივ არსებულ სტრატეგიულ ობიექტებთან (თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, საწარმოო და კომერციული ობიექტები, სატვირთო გადაზიდვების საბაჟო პუნქტი, ლოჭინის კვანძი) კავშირს.აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვის შემცირების მიზნით, პროექტის შესაბამისად ავტომაგისტრალის სიგანე გაიზრდება 3+3 ზოლამდე აეროპორტზე გადასახვევ გზასა და ლოჭინის გადასახვევს შორის. კახეთის გზატკეცილისა და თბილისის შემოვლითი გზის შეერთების წერტილებში, ტრასა იქნება ორ-ზოლიანი. ლოტი 4-ის დანარჩენი ნაწილი შედგება ავტომაგისტრალის ორმაგი სავალი ნაწილისაგან. გამოყენებული იქნება მიტოვებული რკინიგზის მონაკვეთი, რომელიც ნაწილობრივ აშენდა 2012 წელს და რომელიც კვლავაც კარგადაა შემონახული“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშში.

სკოპინგ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამუშაოები განხორციელდება ტენდერის მეშვეობით შერჩეული კონტრაქტორის მიერ. სამუშაოების დაწყებამდე კონტრაქტორი განსაზღვრავს/დააზუსტებს საცხოვრებელი სამშენებლო ბანაკის (საჭიროებას და მოწყობის ადგილს), ტექნიკის და მასალის განთავსების ტერიტორიებს. შეათანხმებს/მიიღებს ამ ტერიტორიების გამოყენების უფლებას სახელმწიფოსგან ან მიწის მესაკუთრისაგან.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ლოტი 4-ის მშენებლობაზე დასაქმებულთა სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 300 ადამიანს. სამუშაოები იწარმოებს 30 თვის განმავლობაში (ასევე ნავარაუდევია 24 თვე დეფექტების გამოსწორებისთვის). დასაქმებისას უპირატესობა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა (სხვა პროექტების ანალოგიით ადგილობრივების წილი დასაქმებულთა ჯამურ რაოდენობაში 70%, მათგან, სავარაუდოდ 10% ქალების იქნება). კვალიფიკაციის მიხედვით დასაქმდება - 20% - არაკვალიფიციური, 20% - დაბალი კვალიფიკაციის მქონე და 60% კვალიფიციური პერსონალი - წერია ანგარიშში.

ლოტი #4-ის ბიუჯეტი

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, მაგისტრალის ამ მონაკვეთის ბიუჯეტი ასეთია:

  • მიმდინარე წმინდა ღირებულება - 785.943 მლნ ლარი;
  • საინვესტიციო ხარჯები - 1.442 მლრდ ლარი;
  • საექსპლუატაციო ხარჯები - 171.25 მლნ ლარი.

პროექტი ნაწილობრივ აზიის განვითარების ბანკიდან აღებული სესხით მოხდება.

screenshot-1-1742987118.jpg