"ვისაც ქვეყანაში ეკონომიკა უნდა შეექმნა და ინოვაცია შემოეტანა, ისინი მიდიან. მიგრაციას აღარ აქვს არც გენდერული ნიშანი“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოციოლოგმა ნინო ხელაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, თუ აქამდე საქართველოდან წასული ადამიანები სხვაგან ფულის დაგროვებაზე და ისევ საკუთარ ქვეყანაში განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, ახლა დაბრუნების საკითხი საერთოდ ბუნდოვანია. მეტიც, ადამიანები გადადიან ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში და იქ სრულ ადაპტაციას იწყებენ.
ცნობისთვის, სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველოდან 163 480 ქართველი წავიდა ემიგრაციაში, 91,896 კი დაბრუნდა ქვეყანაში, ე.ი 71 584 წმინდა გადინებაა. ეს წარმოადგენს 54%-იან ზრდას 2022 წელთან შედარებით და 75.3%-იან ზრდას 2021 წელთან შედარებით, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი უარყოფითი მიგრაციული ბალანსია.
„საქსტატის ბოლო მონაცემები 2023 წლის გვაქვს და მე ვფიქრობ, ამის შემდგომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდებოდა. იმიტომ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, ე.წ „აგენტების კანონი“ და ის პოლიტიკური პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაზრდიდა ქვეყნიდან მიგრაციას, ან მიგრაციის სურვილს. უბრალოდ, ცოტა გვიან დავინახავთ ბოლო 1 წლის გავლენას, როდესაც მონაცემები უკვე გამოქვეყნდება.
თუმცა, რა სტატისტიკაც უკვე გვაქვს, წასული ქართველების ნახევარზე მეტი, მიგრაციიდან უკან არ ბრუნდება. ამასთან, 2023 წელს ქვეყნიდან წასული ადამიანების 70% იყო 30 წლამდე (ასაკობრივი ნიშნული ჩამოვიდა ქვემოთ) და რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, 2023 წლამდე, მიგრაციას ჰქონდა გენდერული ასპექტი, გარკვეულ ქვეყნებში მხოლოდ ქალები მიდიოდნენ (საბერძნეთში, იტალიაში და ა.შ). ეს იკვეთებოდა რიცხვებშიც, რომ უფრო მეტი ქალი მიდიოდა, ვიდრე კაცი, ახლა უკვე მიგრაციას აღარ აქვს არც გენდერული ნიშანი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ისინიც მიდიან, ვინც მანამდე ემიგრაციაში არ მიდიოდა“,- ამბობს ნინო ხელაძე.
მისი თქმით, ერთის მხრივ, ამის მიზეზი არის დემოკრატიის ნაწილი, მეორე მხრივ კი ეკონომიკური ფაქტორები.
„დემოკრატიულობის ინდექსი ჩამოვიდა ქვემოთ და შეიძლება, ეს იყოს იმის მიზეზი, რომ აღარ შემოდის ბევრი ინვესტიცია. ეს ეკონომიკურადაც აზიანებს ადამიანს და უჩენს სურვილს, რომ დასაქმდნენ ქვეყნის გარეთ. თუმცა, ეს ყველაფერი 2024 წლის მონაცემებში უფრო კარგად გამოჩნდება.
გარდა ამისა, მიგრაციის 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, რა მიზეზებზეც შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, ერთ-ერთი არის ის, რომ ჯინის კოეფიციენტი (სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი), არ იწევს ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა იზრდება, ამბობენ, 10%-იანი ზრდა გვაქვსო, ჯინის კოეფიციენტი ან იგივე რჩება, ან წლიდან წლამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებს შორის კიდევ უფრო იზრდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, როდესაც ჯინის კოეფიციენტი იგივე რჩება (ან იზრდება) და პარალელურად ეკონომიკა იზრდება, ე.ი. მდიდრების, ანუ მოსახლეობის მცირე ნაწილის შემოსავალი (ისეთების როგორებიც არიან დიდი კორპორაციების მფლობელები), იზრდება, მაგრამ უფრო მეტი ღარიბდება, ვიდრე მანამდე იყო.
პოსტ-პანდემიური პერიოდის დროს, უფრო რთული გახდა ეკონომიკური კრიზისების დაძლევა და მე ვფიქრობ, ახალგაზრდების წასვლა და „ტვინების“ გადინება, სწორედ ამან გამოიწვია. ვისაც ქვეყანაში ეკონომიკა უნდა შეექმნა და ინოვაცია შემოეტანა, ისინი მიდიან. როდესაც ინტერვიუებს ვაწარმოებ, ეს ადამიანები პირად საუბრებში, ერთი და იმავეს ამბობენ, რომ - ერთ ადგილზე გავიყინეთ, განვითარების პერსპექტივას ვეღარ ხედავდნენ. ანუ ადრე თუ მიდიოდნენ, რომ შემოსავლები დაეგროვებინათ, ჩამოსულიყვნენ და საქმიანობა აქ დაეწყოთ, საქართველოში განვითარებულიყვნენ, ახლა როდესაც საუბრობენ, დაბრუნების პერსპექტივა ყველაზე „გაბლარულია“. საეროდ არ იციან როდის დაბრუნდებიან, ან საერთოდ დაბრუნდებიან თუ არა. გადავიდნენ ეკონომიკურად უფრო ძლიერ ქვეყნებში, რომ იქაურობას მოერგონ, იქ იყვნენ სრულფასოვანი მოქალაქეები. და, არა ისე, რომ იქ ყველაფერი მოიკლონ, დააგროვონ და საქართველოში გააგრძელონ ცხოვრება“,- ამბობს სოციოლოგი.
როგორც ნინო ხელაძე აღნიშნავს, ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინება განსაკუთრებით მწვავე იქნება ადგილობრივი ბაზრისთვის. მისი თქმით, ინვესტიციები სავარაუდოდ, მხოლოდ იმ დარგებში შემოვა, სადაც მომსახურე პერსონალია საჭირო და არა კონკრეტული სპეციალიზაცია.
„როდესაც 30 წლამდე ადამიანები მიდიან, ეს ნიშნავს ტვინების გადინებას. მათ ახალი ტენდენციები აქვთ ნასწავლი, პროფესიაში ახალი განვითარებულები არიან, ახალი ხედვები აქვთ და ისინი თუ არ იქნებიან ქვეყანაში, ეს ძალიან დიდ პრობლემას გამოიწვევს ბაზარზე კადრების მხრივ.
გარდა ამისა, საკმაოდ დიდ პრობლემად მიმაჩნია „ტვინების გაფლანგვა“ (ასეთი ტერმინი არსებობს). რომ განვმარტოთ, მაგალითად, საქართველოს ბაზარზე შექმნილი კადრები, ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზის გამო (თუნდაც ჩვენი განათლების სისტემის გამო) შეიძლება არ იყოს აღიარებული დასავლური ქვეყნების მიერ. ამიტომ, მათ უწევთ უფრო დაბალკვალიფიციურ სამსახურში დასაქმება საზღვარგარეთ. ეს იწვევს იმას, რომ შეიძლება უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებდნენ, ვიდრე აქ საკუთარი პროფესიით, მაგრამ კარიერული განვითარების შეჩერებას იწვევს და მხოლოდ ფინანსების დაგროვებაზე არიან ორიენტირებულნი. შემდეგ უკვე ეს კადრი რომც დაბრუნდეს, ის კვალიფიკაცია მაინც აღარ იქნება, რაც საჭიროა. ეს კი ძალიან დიდ პრობლემას გამოიწვევს ბაზარზე. ამის გამო ალბათ, ინვესტიციებიც შემცირდება, რადგან თუ არ გაქვს ქვეყანაში დასაყრდენი სამუშაო ძალა, მხოლოდ ისეთი ტიპის ინვესტიციები შემოვა, ვისაც სჭირდება მომსახურე პერსონალი და არა განსაკუთრებული სპეციალიზაციის ადამიანები“,- ამბობს ნინო ხელაძე.