თუ ამ ხიდს არავინ გამოიყენებს, გამოვა, რომ ტყუილად დაიხარჯა ბიუჯეტიდან თანხა - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე თბილისის მასშტაბით ლითონის გადასასვლელი ხიდების ჯერ დემონტაჟს და შემდგომ უკვე ახლების აშენებას.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი 2019 წელს დაიწყო. დაიწყო. მაშინ დედაქალაქის მერიაში განმარტავდნენ, რომ პრიორიტეტი იყო ქვეითთა კომფორტული გადაადგილება ხიდების და მიწისქვეშა გადასასვლელების გარეშე, რა მიზნითაც 20 ადგილას ლითონის ხიდის დემონტაჟი და ზებრა გადასასვლელების მოწყობა იგეგმებოდა. ჯამში ბიუჯეტიდან კონსტრუქციების აღებისთვის გამოყოფილი იყო 307 805 ლარი.
„ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ 2019 წლიდან დღემდე 23 ხიდის დემონტაჟი განხორციელდა. თუმცა მიუხედავად დემონტაჟისა, ამ ტიპის ხიდების მშენებლობა დღეს ისევ გრძელდება. ასე მაგალითად, 5 ლითონის გადასასვლელი ხიდი უკვე აშენდა, 4-ის მშენებლობა კი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. გარდა ამისა, მერიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ 2025-2026 წლებში 7 ახალი ლითონის გადასასვლელი ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი.
„თუ არ გაამართლა ხიდების დემონტაჟმა, მერიამ უნდა თქვას, რატომ არ გაამართლა და ახლიდან რატომ კეთდება ეს ხიდები“, - ამის შესახებ მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა და ყურადღება გაამახვილა ქვეითთა გადაადგილების პრობლემაზე.
კერძოდ, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ქვეითთა ნაწილი არ სარგებლობს მათთვის განკუთვნილი გადასასვლელებით და საავტომობილო გზებზე გადაადგილდება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები კვლავაც არ გამოიყენებენ ხიდებს, გამოვა, რომ საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად დაიხარჯება.
„თუ ქვეითები არ იყენებენ ამ ხიდებსა და შუქნიშნებს და მაინც სხვა ადგილას გადადიან, მაშინ ისმის კითხვა, ამ ყველაფრის აზრი რა არის? ყველა უნდა გადაადგილდეს ქალაქში შეუფერხებლად, რადგან ქალაქი არის როგორც ავტომობილის მძღოლებისთვის, ასევე ქვეითებისთვის. მაგრამ არ უნდა მოხდეს არც ავტომობილების ტროტუარზე გადაადგილება და მოძრაობა და არც ქვეითების მხრიდან მოძრაობის წესების დარღვევა.
თუ ამ ხიდს არავინ გამოიყენებს, გამოვა, რომ ტყუილად დაიხარჯა ბიუჯეტიდან თანხა. მიწისზედა გადასასვლელების მონტაჟის პარალელურად უნდა მოხდეს კონტროლი და როგორც ავტომობილის მძღოლები ჯარიმდებიან, ასევე უნდა მოხდეს იმ ქვეითების კონტროლი და დაჯარიმება, ვინც საფრთხეს უქმნის საავტომობილო მოძრაობას, ასევე, თავის და სხვის სიცოცხლეს“, - აღნიშნავს ჯაფარიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მიწისზედა გადასასვლელი ხიდები ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებსა და ბავშვზე, რომელთა გადაადგილებაც საბავშვო ეტლით ხდება. თუმცა, ამის პარალელურად, ჯაფარიძე ხაზს უსვამს ქვეითთა გადაადგილების კონტროლის აუცილებლობაზე.
„ყოველდღიურად უამრავი ქვეითი არღვევს მოძრაობის წესებს; გადადიან არა შუქნიშანზე, არამედ საავტომობილო გზებზე და უქმნიან საფრთხეს საკუთარ თავსაც და სხვასაც. ამის კონტროლი არ ხდება; თუ არ იქნება დარღვევების იდენტიფიცირება და არ მოხდება კანონის აღსრულება, მხოლოდ შუქნიშნების და ხიდების გაკეთება ვერ უშველის იმას, რომ ქვეითი გადავიდეს კონკრეტულ ადგილას.
რა თქმა უნდა, ქვეითს უნდა ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და ტროტუარზე ავტომობილის პარკირების დროს დროული გადაყვანა უნდა მოხდეს საჯარიმოზე და ქვეითებს გაუთავისუფლდეს გზა, თუმცა, მეორე მხრივ საავტომობილო გზაზე ქვეითები არ უნდა გადაადგილდებოდეს“, - განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.