ყაზახეთში ქართული ინვესტიციით გაშენებულმა ზეთისხილის პირველმა პლანტაციამ გაიხარა.
პირველი პლანტაცია 10 ათას ხეს მოიცავს, რომელიც ქვეყანაში ქართულმა კომპანია Georgian Olive Corporation-მა 2024 წელს შეიტანა.
ამის შესახებ ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მალიკ მურზალინმა განაცხადა, რასაც EastFruit ავრცელებს.
მისი თქმით, ეს ქვეყნის ისტორიაში ზეთისხილის პირველი პლანტაციაა, რითაც ყაზახეთი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთ ქვეყანა გახდა, რომელიც ასეთ სამხრეთულ პროდუქტს აწარმოებს.
“მაშინ არავის ეგონა, რომ რამე გამოვიდოდა და ყველა პესიმისტურად იყო განწყობილი. თუმცა ღრმა მეცნიერული მიდგომით ბევრი სამუშაო ჩატარდა და თამამმა ინიციატივამ შედეგი გამოიღო: ზეთისხილის ხეები აყვავდა,” - აცხადებს ელჩი.
მისი თქმით, Georgian Olive Corporation სამომავლოდ ნერგების რაოდენობის მილიონამდე გაზრდასა და ყაზახეთში ზეითუნის ზეთის წარმოების პირველი ქარხნის აშენებას გეგმავს.
“ეს ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც ქართული ბიზნესის დახმარებით გაჩნდა,” - ამბობს მურზალინი.
ცნობისთვის: ყაზახეთის ეკონომიკაში ქართული კაპიტალის პირდაპირი კერძო ინვესტიციების მოცულობა, დაახლოებით, 430 მლნ დოლარს შეადგენს. ლიდერებს შორის Georgian Industrial Group და Georgian Olive Corporation-ია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ