გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისის შემოვლითი გზის (ლოტი 2) პროექტი დაახარვეზა. უფრო კონკრეტულად, საუბარია ავჭალა-წიწამურის მონაკვეთზე.
დახარვეზების მიზეზად დასახელდა შემდეგი ხარვეზები: სკოპინგის დასკვნით, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საპროექტო გზიდან და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურიდან უახლოეს საცხოვრებელ სახლამდე, მდინარემდე და სხვა ობიექტებამდე დაზუსტებული მანძილები, რაც ანგარიშში განხილული არ არის.
გარდა ამისა, პროექტში არ არის წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია სამშენებლო სამუშაოების შესახებ, შესაბამისი გეგმა-გრაფიკის და ვადების მითითებით (გვირაბების, სახიდე გადასასვლელების და სხვა მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების მითითებით).
ამასთანავე, დოკუმენტებში არ არის მოცემული ლოტების მიხედვით სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვადების შესახებ ინფორმაცია.
„არ არის სრულყოფილი ინფორმაცია სანაყაროების განთავსების შესაძლო ადგილების, ასევე სამშენებლო ბანაკისთვის განკუთვნილი შესაძლო ტერიტორიების შესახებ.
ზედაპირულად არის შეფასებული ის დანაკარგი, რომელიც თბილისის ახალი შემოვლითი გზის გაყვანის შემთხვევაში მიადგება ბუნებრივ თუ სოციალურ გარემოს.
პროექტიდან მიღებულ ერთ-ერთ სარგებლად დასახელებულია, რომ გზის გაყვანის შემთხვევაში დასახელებულ ტერიტორიებზე ზემოქმედება თავიდან იქნება აცილებული, მაშინ როცა ავჭალის მოსახლეობაზე ზემოქმედების საკითხი საერთოდ უგულებელყოფილია.
პროექტიდან მიღებულ სარგებელთან დაკავშირებით, კონკრეტულ რიცხვებში მხოლოდ მშენებლობის პროცესში დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია არის წარმოდგენილი, რაც 150-200 ადამიანს შეადგენს“, - აღნიშნულია „მწვანე ალტერნატივას“ შენიშვნების დოკუმენტში.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამ და სხვა რიგი ხარვეზების გამოსწორების ვადად საავტომობილო გზების დეპარტამენტს ორი თვე განუსაზღვრა.
საპროექტო გზის 6.5 კმ-ის სიგრძის მონაკვეთი წიწამურის კვანძიდან იწყება და ავჭალამდე გადის. ადგილზე იგეგმება 4-ზოლიანი საპირისპირო მიმართულების გზის მოწყობა. ამასთანავე, პროექტი ითვალისწინებს არსებული გზის მოდერნიზებას, ორი კვანძისა და 3.4 კმ. სიგრძის საპირისპირო მიმართულების ორზოლიანი გვირაბის მოწყობას. წიწამური-ავჭალის მონაკვეთი მცხეთის ჯვარს გვერდს სწორედ ამ გვირაბის საშუალებით აუვლის. გვირაბი მცხეთის ჯვრიდან 1.3 კმ-ით იქნება დაშორებული.
შეგახსენებთ, ნატახტარი-ჟინვალისა და თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი-რუსთავი) მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა. პროექტი, ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის პროექტირებაზე მუშაობა იმ პერიოდიდანვე დაიწყო. თბილისის შემოსავლელი გზის ორი მონაკვეთის პროექტირების დასრულება 2025 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
აღნიშნულ პროექტზე ხელშეკრულება გაფორმებულია იტალიურ კომპანიასთან - ANAS International Enterprise S.p.A. & Gestione Progetti Ingegneria srl. & IRD Engineering srl-თან. კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის ახალი შემოვლითი გზა დაიწყება ჟინვალიდან, ამავე სამუშაოების ფარგლებში მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან გაიჭრება ახალი გვირაბი, შემდეგ მაგისტრალი გვერდს აუვლის თბილისის ზღვას, გაივლის დიდი ლილოს მიმდებარედ და დაუკავშირდება რუსთავს.
იხილეთ ასევე: 16 ხიდი და 3 კვანძი - სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი