აშშ-ში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლისა და სამომავლო პოლიტიკის შესახებ გაკეთებული განცხადებების პარალელურად, მსოფლიო ბირჟებზე რიგი კომპანიების აქციების ფასის ვარდნა და მერყეობა დაფიქსირდა.
საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების ნაწილი, კერძოდ, 1.1 მილიარდი ლარი ექვს წამყვან საერთაშორისო ფონდშია განთავსებული. მათ შორისაა: S&P 500 (), Vanguard European Stock Index Fund ETF), Vanguard FTSE Pacific ETF, Vanguard FTSE Emerging Markets ETF და iShares Latin America 40 ETF.
აქციების ფასის ვარდნის ფონზე გაჩნდა კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ არ გაყიდა საპენსიო სააგენტომ ფასის კლების პარალელურად აქციები. აღნიშნული კითხვით „ბიზნესპრესნიუსმა“ საპენსიო სააგენტოსაც მიმართა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ ინვესტიციების საერთაშორისო აქციების ბაზრებზე აქვთ გრძელვადიანი მოგების მიღების გათვლა. სწორედ აქედან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში საინვესტიციო საბჭოს მიერ განსაზღვრული სტრატეგია არ შეცვლილა.
„საპენსიო სააგენტოს კანონით მინიჭებულ მანდატს წარმოადგენს საპენსიო აქტივების ინვესტირება გრძელვადიან პერიოდში მათი რეალური ამონაგების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით და საპენსიო ფონდების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს ინვესტიციების საერთაშორისო აქციების ბაზრებზე აქვს გრძელვადიანი მოგების მიღების გათვლა. აღნიშნული გრძელვადიანი სტრატეგია გამყარებულია სიღრმისეული სტრატეგიული ანალიტიკით (აქტივების განთავსების სტრატეგია), რომელსაც საპენსიო სააგენტო აწარმოებს პერიოდულად, არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
საპენსიო სააგენტო, როგორც გრძელვადიანი ინვესტორი, ნებისმიერი საინვესტიციო პოზიციის გახსნისა და დახურვისთვის ხელმძღვანელობს მისი კანონით მინიჭებული მანდატით და მიყვება გრძელვადიან საინვესტიციო სტრატეგიას, რაზეც გავლენას არ ახდენს დროდადრო ფინანსურ ბაზრებზე არსებული დროებითი რყევები. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში საინვესტიციო საბჭოს მიერ დამტკიცებული სტრატეგია არ შეცვლილა და საპენსიო სააგენტო ინარჩუნებს მის საინვესტიციო პოზიციებს გრძელვადიანი ინვესტირების პრინციპების შესაბამისად“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოში.