„არ არსებობს კვირა, არ გვითხრან, რომ რესტორანი დაიხურა და იყიდება ავეჯი, სამზარეულო, ინვენტარი“ - კოტე გაბრიჩიძე

„არ არსებობს კვირა, არ გვითხრან, რომ რესტორანი დაიხურა და იყიდება ავეჯი, სამზარეულო, ინვენტარი“,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „პალიტრანიუსის“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, სექტორში კრიზისის ნიშნებია და მისი თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო. ამაში კი როგორც ბანკები, ისე სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია.

„პირადად ჩემს რესტორანს რამდენჯერმე მოუწია განცხადების დაწერა, რომ ვერ ვიხდით დღგ-ს და იქნებ გადაგვივადოთ. ეს [კრიზისის ნიშნები] სახეზე უკვე არის. შარშან-შარშანწინ ასეთი რამ არ მომხდარა. არ არსებობს კვირა, არ გვითხრან, რომ რესტორანი დაიხურა და იყიდება ავეჯი, სამზარეულო, ინვენტარი, ხომ არ იქირავებდით ფართს, რესტორანი იყო და გავიდა. ეს არის იმის სიგნალები, რომ ისე არ მიდის საქმე, როგორც გვინდოდა რომ წასულიყო.

ჩვენ ოპტიმისტები ვართ, მაგრამ პესიმისტური სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამაზე იყო საუბარი ბანკებთან შეხვედრაზეც და გვინდა რომ ასეთივე ურთიერთობა, კონსტრუქციულ ჭრილში, გაგრძელდეს სახელმწიფოსთანაც.

მთელი ზამთრის პერიოდი ვიმუშავეთ ზარალის ზღვარზე, უბრალოდ რომ გადაგვერჩინა პერსონალი, გადაგვერჩინა ბიზნესი, რომ გაზაფხულამდე მოგვეღწია, აპრილი-მაისამდე, როდესაც ველოდებით ბუმს. არავინ ფიქრობდა მოგებაზე, ოღონდ, გადავრჩენილიყავით.

ყოველ წელს ასე ხდება თითქმის, მაგრამ წელს უფრო მძაფრად, უფრო პესიმისტური სიტუაცია იყო, წინა წლებთან შედარებით. ამას ვამბობდით, რომ საჭიროა მომზადება. როგორც თოვლის საწმენდი მანქანა უნდა იყიდო ზაფხულში და არა მაინცდამაინც იანვრის ბოლოს, ისე უნდა მოემზადო წინასწარ. სახანძრო მანქანა წინასწარ უნდა იყიდო და არა ხანძარი როცა გაჩნდება მაშინ“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

ნინი ქეთელაური