საქართველოს მთავრობა სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობას გეგმავს. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც გარემოსდაცვითი შეფასების სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 4.13 კმ-ს. ამასთან, სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მონაკვეთი მთლიანად მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
„საპროექტო გზის საწყისად მიღებულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 120+986 კმ-ზე. ტრასის საწყისი მონაკვეთი მიუყვება არსებულ გზას, შემდეგ უხვევს მარცხნივ, გადაკვეთს მდინარე თერგს და ტრასის ბოლომდე მთლიანად გადის ახალი მიმართულებით მდინარე თერგის მარცხენა სანაპირო ზოლში. ტრასის ბოლომდე გადის სოფელ გერგეტში, მის მარჯვენა მხარეს. გადის დაბა სტეფანწმინდის ტყე-პარკის მარჯვენა მხარეს, გადაკვეთს მდინარე ჩხერეს და მთავრდება სტეფანწმინდა-გველეთის საპროექტო მონაკვეთზე,“ - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
პროექტის თანახმად, დაგეგმილია ორზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც ძირითადად გადის ახალი მიმართულებით, შესაბამისად, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მოეწყობა რამდენიმე წრიული მოძრაობა, რათა ახალი შემოვლითი გზა დაუკავშირდეს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის არსებულ საავტომობილო გზას. გარდა ამისა, მოეწყობა კიდევ ერთი წრიული, რომელიც აკავშირებს სოფელ გერგეტს დაბა სტეფანწმინდასთან.