მოსკოვში ყოფილი სენატორი და აგრარულ ჰოლდინგ „რუსაგროს“ დამფუძნებელი, მილიარდერი, ვადიმ მოშკოვიჩი დააკავეს. მოსკოვში 57 წლის მოშკოვიჩის დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველად Telegram-არხებმა, Shot-მა და Baza-მ გაავრცელეს.
მათი ცნობით, კომპანიის ოფისებში ჩხრეკა როგორც დედაქალაქში, ასევე, ბელგოროდში მიმდინარეობს. ოფისების ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას „რუსაგრო“ ადასტურებს.
RBC წერს, რომ მოშკოვიჩის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები თაღლითობის მუხლით, კერძოდ, ბელგოროდის ოლქში მიწის აქტივების თაღლითურ სქემებში მონაწილეობისთვის მიმდინარეობს. წყაროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „მიტაცების ფაქტზე აღძრა იმ კომპანიებში, რომლებთანაც „რუსაგროს“ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა.“
მოშკოვიჩი დაკითხვის მიზნით შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტში გადაიყვანეს. RBC-ის წყაროს ცნობით, ის შესაძლოა, ჯერ კიდევ 25 მარტს დაეკავებინათ.
ვინ არის ვადიმ მოშკოვიჩი
ის 1967 წელს დაიბადა. 2006 წლიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოში სენატორად ბელგოროდის ოლქს წარმოადგენდა. მისი უფლებამოსილება 2015 წლის ოქტომბერში უნდა ამოწურულიყო, თუმცა თანამდებობა 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში, ვადაზე ადრე დატოვა. 2014 წლის მდგომარეობით, ფედერაციის საბჭოში წარმოდგენილი უმდიდრესი ოჯახების სიაში მაშკოვიჩმა მეოთხე ადგილი დაიკავა. იმ დროს ის არა მხოლოდ “რუსაგროს,” არამედ დეველოპერულ კომპანია A101-ს ფლობდა, რომელიც 2015 წელს მიხაილ გუცერიევის BIN-ჯგუფს მიჰყიდა. ეს გარიგება Forbes-ის წყაროებმა 700 მლნ დოლარად შეაფასეს.
მოშკოვიჩმა საკუთარ თავს “მოსკოვის ყველაზე უიღბლო დეველოპერი” უწოდა, რადგან მან თავისი ოცნება-გეგმის განხორციელება, ანუ დღევანდელი ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე “მზის ქალაქის” აშენება ვერ შეძლო. ნებართვების მოპოვების სირთულეების გამო მოშკოვიჩმა ამ ოცნებაზე უარი თქვა.
2018 წელს მან კერძო სკოლა, Letovo დააარსა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგში საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამებით ლიდერობდა.
2022 წელს მოშკოვიჩი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა.
“რუსაგრო”
ეს ვადიმ მოშკოვიჩის მთავარი აქტივია, რომელიც 2004 წელს დაარსდა. იმ დროს ამ ბიზნესის ბირთვი ბელგოროდისა და ტამბოვის ოლქებში შაქრის ხუთი ქარხანა იყო, რომლებმაც 23,7 მლრდ რუბლის (283 მლნ დოლარის) შემოსავალი მოიტანა. ამასთან, კომპანია ზეთისა და ცხიმპროდუქტების ბიზნესს ავითარებდა.
ამჟამად “რუსაგროს” საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულებაა: შაქრის წარმოება (ბრენდები, „რუსული შაქარი,“ „ჩაიკოფსკი“ და სხვ.), ზეთისა და ცხიმპროდუქტების წარმოება (ბრენდები, „რიაბა“, „ასტორია” და სხვ.) და ხორცის წარმოება (ბრენდი, „სლოვო მიასნიკა“).
2024 წლის შედეგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალმა 340,1 მლრდ რუბლი, ანუ 4 მლრდ დოლარი (+ 23% წელიწადში), ხოლო სუფთა მოგებამ 31,6 მლრდ რუბლი, ანუ 377 მლნ დოლარი (-29%) შეადგინა. საკუთარი შეფასებით, კომპანია რუსეთში შაქრის წარმოებით მეორე ადგილზეა და ბაზრის 15%-იანი წილი უკავია, მზესუმზირის ზეთის წარმოებით პირველ ადგილზე (12,3%-იანი წილით), ხოლო ღორის ხორცის წარმოებით ბაზარზე მესამე ადგილზეა (5,5%).
2011 წლის აპრილში “რუსაგრომ” IPO ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართა და კომპანიის ჯამური 1.8 მლრდ დოლარის შეფასების ფონზე 18.3%–ით 330 მლნ დოლარი მიიზიდა. ამ IPO-ს შემდეგ ჰოლდინგის სათავო სტრუქტურა კვიპროსული კომპანია, Ros Agro Plc. გახდა.
2022 წელს, უკრაინის ომის გამო ლონდონის საფონდო ბირჟამ რუსული კომპანიების სადეპოზიტო ქვითრებით, მათ შორის, “რუსაგროს” ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა შეაჩერა. ამ ფონზე კომპანიამ ბირჟა დატოვა. მართალია, “რუსაგროს” წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა, მაგრამ თავად მოშკოვიჩს ევროკავშირის პერსონალური სანქციები შეეხო. ამ ფონზე მან Ros Agro Plc-ში თავისი წილი 50%-ზე ნაკლებ ოდენობამდე შეამცირა და “რუსაგროს” დირექტორთა საბჭო დატოვა.
2024 წელს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა იუსტიციის სამინისტროს ვადიმ მოშკოვიჩის უცხო ქვეყნის აგენტად აღიარების მოთხოვნით იმ მოტივით მიმართეს, რომ “რუსაგროს” მშობელი კომპანია, Ros Agro PLC კვიპროსში იყო რეგისტრირებული. იმავე წლის ივლისში “რუსაგრო” ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ორგანიზაციების სიაში შეიტანეს, რის საფუძველზეც აგვისტოში სასამართლომ კვიპროსელ აქციონერს რუსულ აქტივებზე კორპორაციული უფლებები შეუჩერა.
2024 წელს რუსი მილიარდერების Forbes-ის რეიტინგში მოშკოვიჩმა 55-ე ადგილი დაიკავა, ხოლო მისი ქონება 2,7 მლრდ დოლარად შეფასდა.
მოშკოვიჩის დაკავების ამბების ფონზე “რუსაგროს” აქციები 20,4%-ით დაეცა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ