„სამშენებლო სექტორში ახალი პროექტების დაფინანსება ბანკების ნაწილს შეჩერებული აქვს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“„არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა.
აღნიშნულის მიზეზად ორთოიძე ასახელებს იმას, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, საბანკო სექტორი ახალი პროექტების დაკრედიტებაში რისკებს ხედავს.
„თებერვლიდან გააქტიურებულია მოთხოვნა და გრძელდება მარტშიც. უარყოფითი ნიშნები, რაც ბაზარზე დეკემბერში გვქონდა, თითქოს გაქრა, მაგრამ, ეს უარყოფითი მოლოდინები კომპანიებში დარჩენილია, რადგან სტაბილურობის გაცდა არ არსებობს, დიდი კითხვებია ქვეყანაში - იგივე შეიმჩნევა საბანკო სექტორშიც. ისინი ხედავენ რისკებს, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ახალი პროექტების დაფინანსება ორ მსხვილ ბანკს შეჩერებული აქვს“, - აღნიშნავს ბესო ორთოიძე.
მისი განმარტებით, დაკრედიტების შემცირების გამო, მოსალოდნელია, რომ ახალი პროექტები იმ ტემპით არ დაიწყება ქვეყანაში, როგორც ეს იყო წინა წლებში.
„სამომავლო პროექტების ნაწილში მოლოდინები უფრო მძიმეა - როცა საუბარია ახალი პროექტების დაწყებაზე, ზოგიერთი კომპანია თამამად საუბრობს, ზოგი - თავშეკავებულად. ვინც თამამად საუბრობს, მათთვის შესაძლოა, პრობლემა იყოს კაპიტალის ბაზართან წვდომა, რადგან ფინანსური ინსტიტუტები - ბანკები დღესდღეობით ახალ პროექტებს ფრთხილად უყურებენ. უკვე დაფინანსებულ მიმდინარე პროექტებს ფინანსური ინსტიტუტები ბოლომდე მიჰყვებიან, მაგრამ ახალი პროექტის დაფინანსებაზე შესაძლოა, თავი შეიკავონ. ამ ყველაფერმა შესაძლოა, მიწოდების ნაწილი გრძელვადიან პერიოდში შეანელოს, ვგულისხმობ იმას, რომ ახალი პროექტები შესაძლოა, ისეთი ტემპით არ დაიწყოს, როგორც ეს ხდებოდა გასულ წლებში“, - განაცხადა ბესო ორთოიძე.