„ეფექტი ერთ წელში იქნება“ - როგორ აისახება საქართველოზე აშშ-ში ავტომობილების იმპორტზე დაწესებული ტარიფები

„ფასის გაზრდას გამოიწვევს,“ - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავტოიმპორტიორი ჯაბა გოგინაშვილი აშშ-ს მიერ იმპორტირებულ ახალ ავტომობილებზე 25%-იანი გადასახადების დაწესებას.

როგორც ავტოიმპორტიორი განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ხელოვნურად არ მოხდა აუქციონზე ფასის აწევა, საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილებზე ფასის გაზრდა მყისიერად არ არის მოსალოდნელი.

„პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, რადგან შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი და სომხეთი, გვინდა არ გვინდა, ქართულ კომპანიებზე არიან დამოკიდებული და საქართველოს გავლით ხდება ვაჭრობა. აქ იმხელა მოთხოვნაა, რომ ხელოვნურად იზრდება ფასები აუქციონებზე, რადგან კონკურენცია დიდია და ერთი და იმავე მოდელზე ბევრი ვაჭრობს,“ - აღნიშნავს გოგინაშვილი.

ავტოიმპორტიორი განმარტავს, რომ თუ აუქციონებზე ფასის ხელოვნური აწევა არ მოხდა, ტრამპის გადაწყვეტილების შედეგები საქართველოში ავტომობილების ფასზე დაახლოებით ერთი წლის შემდეგ აისახება.

„თუ ხელოვნურად არ გაიზარდა ფასები აუქციონზე, ეფექტი მყისიერი არ უნდა იყოს. ვფიქრობ, 1-2 წელში დაიწყება ფასის ზრდა, რადგან ტრამპის გადაწყვეტილება ეხება ახალ ავტომობილებს და არა - მეორადს. ავტომობილი ამერიკაში ჯერ ცენტრმა უნდა გაყიდოს ძვირად, ამერიკის მოქალაქემ უნდა მოიხმაროს, რაიმე მიზეზის გამო გაყიდოს აუქციონზე და უკვე გაზრდილი ფასით უნდა ვიყიდოთ ჩვენ. ამას დასჭირდება მინიმუმ ერთი წელი, მაგრამ ფასის ზრდა, ცხადია, იქნება კონკრეტულ ეტაპზე“, - განაცხადა ჯაბა გოგინაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკა ავტომობილების ვაჭრობის კუთხით საქართველოს ნომერ პირველი პარტნიორია. მაგალითად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში ამერიკიდან იმპორტირებულია 15 301 მსუბუქი ავტომობილი, რომლის ჯამურმა ღირებულებამაც 193 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა. ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა. ტრამპის განმარტებით, უშუალოდ ამერიკაში წარმოებულ ავტომობილებზე ტარიფები არ გავრცელდება.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახალი ტარიფები გამოიწვევს ავტომობილების ინდუსტრიის „უზარმაზარ ზრდას“ და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციების ზრდას აშშ-ში. ჟურნალისტების შეკითხვაზე, არსებობს რაიმე შანსი, რომ ის კურსს შეცვლის, ტრამპმა უპასუხა: „არა. ეს მუდმივია“.

მერი ტაბატაძე