„ტურიზმის ადმინისტრაცია გვეუბნება, ჩინელებსა და ინდოელებზე ავეწყოთ, შსს კი მათ საზღვრიდან უკან აბრუნებს“, - ამის შესახებ სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ეს ფაქტიც მოწმობს რომ სამთავრობო უწყებები არაკოორდინირებულად მუშაობენ, რის გამოც ტურისმის სექტორის წარმომადგენლები ქაოტურ ვითარებაში არიან.
„კერძო სექტორი ქაოტურ ვითარებაშია და არ ვიცით, რა სტრატეგიით ვმოქმედებთ. ერთი მხრივ, ტურიზმის ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ ჩინეთ-ინდოეთიდან წამოსულ სტუმრებს მოვერგოთ, მეორე მხრივ, შსს მათ დიდ ნაწილს საზღვრიდან უკან აბრუნებს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან არის პოზიცია, რომ ამ ქვეყნებიდან პოტენციურ შემომსვლელებზე ვიზების გაცემას ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს. ასეთი არაკოორდინირებული მუშაობის გამო, ვიზას ვინც იღებს, ისიც 50-50-ზეა ქვეყანაში შემოვა თუ არა, რადგან მაინც შესაძლებელია, შსს-მ საზღვრიდან უკან გააბრუნოს.
ნათელია, რომ არსებობს ქაოსი და სტრუქტურებს შორის კომუნიკაცია არ არის, ამ საკითხზე ერთი ბრიფინგიც არ გამართულა. შესაბამისად, ჩვენ, კერძო სექტორმა არ ვიცით თუ რაზე ავეწყოთ, რომელი მიმართულებითა თუ ფორმით ვიმუშაოთ. ბაზრის გარშემო რაიმე სახის პროგნოზზე ან შედარებით გრძელვადიან მოლოდინზე საუბარი არ შეგვიძლია.
ყველაფრის მიუხედავად, იმედს ვიტოვებთ, რომ სასტუმროები გაზაფხულ-ზაფხულის სეზონებისთვის ამოვალთ იმ მინუსებიდან, რაც ბოლო 5 თვის განმავლობაში დაგვიგროვდა“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.