ლომთაძის Kaspi ამჯერად ნიდერლანდური Rabobank-ის შვილობილ კომპანიას ყიდულობს

მიხეილ ლომთაძის ფინტექკომპანია Kaspi-მ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ნიდერლანდურ ჯგუფ Rabobank-ის თურქული შვილობილი კომპანიის აქციების შეძენის შესახებ.

ინფორმაციას Reuters კომპანიის დღევანდელ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Kaspi კონკრეტულ წილს ან შესყიდვის ოდენობას არ ასახელებს.

Rabobank თურქეთში ლიცენზირებული ბანკია, რომელსაც სესხის ან დეპოზიტის მომხმარებლები არ ჰყავს და არც ფილიალების ქსელს ფლობს.

გარიგება, სავარაუდოდ, თურქეთის მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან საჭირო ნებართვების მიღებისა და სტანდარტული პირობების შესრულების შემდეგ დაიხურება.

იანვარში Kaspi.kz-მა თურქული წამყვანი მარკეტპლეის Hepsiburada-ის 65,41%-იანი წილი შეიძინა, ხოლო თებერვლის ბოლოს მიხეილ ლომთაძე Hepsiburada-ის გამგეობის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. Hepsiburada-ის 9-კაციან გამგეობაში Kaspi.kz-დან კიდევ ორი ქართველი, თენგიზ მოსიძე და სანდრო ბერძენიშვილი შევიდნენ. მოსიძე Kaspi.kz-ში ფინანსებზე არის პასუხისმგებელი, ხოლო ბერძენიშვილი Kaspi Pay-სა და Kaspi.kz-ის მობილური კომერციის ხელმძღვანელია.

Kaspi.kz ყაზახეთის სიდიდით მესამე საცალო ბანკის, Kaspi Bank-ის მფლობელია.

მარტის შუა რიცხვებში Kaspi-მ, რომელიც ყაზახეთში ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანიაა, 650 მლნ დოლარის პირველი ხუთწლიანი ობლიგაციები 6.25%-ად განათავსა.

2024 წლის იანვარში აქციონერებმა Nasdaq-ზე IPO-ს მეშვეობით თავიანთი აქციების ნაწილი გაყიდეს და 1.04 მლრდ დოლარი მიიზიდეს. იმავე წელს Kaspi.kz-ის სუფთა მოგება 25%-ით, 1.1 ტრლნ ტენგემდე (2.2 მლრდ დოლარამდე), ხოლო შემოსავალი 32%-ით 2.5 ტრლნ ტენგემდე, ანუ 5 მლრდ დოლარზე მეტად გაიზარდა.

კომპანია წელს სუფთა მოგების 20%-ით ზრდას მოელის.

ცნობისთვის: 1-ლი იანვრის მდგომარეობით, Kaspi.kz-ის ძირითადი აქციონერები არიან: მიხეილ ლომთაძე (22.6%), ვიაჩესლავ კიმი (21.4%) და Baring Funds (24.68%).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ