ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც გასულ წელს სახელმწიფო ქონება ყველაზე ძვირად იყიდეს

2024 წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჯამში 1 436 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო აუქციონის წესით გაყიდულ ქონებების ოდენობამ 603 ობიექტი შეადგინა.

რაც შეეხება 2024 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან ბიუჯეტში შესულ თანხას, 236 მლნ ლარი შევადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 კომპანიას, რომელმაც გასულ წელს სახელმწიფო ქონება ყველაზე ძვირად იყიდა:

შპს იონფაშ ჯორჯია - 34.220 მლნ ლარად თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძინა. რეესტრის მიხედვით, კომპანია ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიას 4 მფლობელი ჰყავს, ოთხივე თურქეთის მოქალაქე. წილები კი ასე ნაწილდება: ჰილმი დერინელი - 50%; უფუქ დერინელი - 23%; ადემ დერინელი - 22% და მერთ იუმუშაქერი - 5%. კომპანიის დირექტორია - მერთ იუმუშაქერი.

შპს დელუქს ფროფერთი - 27.033 მლნ ლარად იყიდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. კომპანია 2017 წლიდან ოპერირებს და 100%-იან წილს შპს კაპიტალ ჰოლი ფლობს. ამ უკანასკნელის 70%-იანი წილის მფლობელი არის გიგი გოცირიძე, 30% კი საქართველო-რუსეთის მოქალაქეს ელგუჯა ქებურიას ეკუთვნის (ქებურია ასევე არის შპს ამბასადორი ჯგუფის 100%-იიანი წილის მფლობელიც). თუმცა, წილის მმართველი გიგი გოცირიძეა, ისევე როგორც კომპანიის დირექტორი.

შპს თ და კ რესტორნებმა (მაკდონალდსი) თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეიძინა მიწის ნაკვეთები, რაშიც 6.795 მლნ ლარი გადაიხადა. თ და კ რესტორნების 90%-ს თემურ ჭყონია, 10%-ს კი თენგიზ კაპანაძე ფლობს.

შპს ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესი - 6.576 მლნ ლარად იყიდა მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში. რეესტრის მიხედვით 55%-ს შპს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ფლობს, 45%-ს კი „ანაგი განათლება“.

თავის მხრივ, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის მესაკუთრე ნინო ჩიკვაშვილია, ხოლო „ანაგი განათლება“-ს შპს ანაგი ფლობს. ამ უკანასკნელის 100%-ან აქციონერი კი ნანა აროშიძეა.

შპს ტიბინი დეველოპმენტ - 6.500 მლნ ლარად იყიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე. რეესტრის მიხედვით, „ტიბინი ჯგუფი“ ფლობს კომპანიის 66%-ს, 34%-ის მფლობელი კი რუსეთის მოქალაქე ილია როშინია. ამ დროისთვის რეესტრში კომპანია „ტიბინი ჯგუფს“ მინიჭებული აქვს “ხარვეზიანი საზოგადოების სტატუსი“.

ნინი ქეთელაური