„VISA/Mastercard-სგან ბევრი ფულის გატანაზე საუბარი, ემსახურება იმას, რომ შეგვამზადონ, მოსალოდნელი ფინანსური სანქციებისთვის“ -  გიორგი ჩუგოშვილი

„საუბარი იმაზე, რომ VISA და Mastercard-ს ბევრი ფული გააქვს საქართველოდან, ემსახურება მხოლოდ იმას, რომ შეგვამზადონ, მოსალოდნელი ფინანსური სანქციებისთვის,“ - ამის შესახებ პლატფორმების Freebusiness-სა დაFreedonation-ს იდეის ავტორი გიორგი ჩუგოშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

ჩუგოშვილი ამ პოსტით ეხმაურება, გუშინ პარლამენტში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე გალდავას მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტის წევრი ვახტანგ თურნავა დაინტერესდა როგორ იმოქმედებს ღია ბანკინგის სისტემა, რომლის დანერგვაზეც მუშაობს ეროვნული ბანკი, ბარათებთან დაკავშირებულ საკომისიოებზე, რადგან როგორც დეპუტატმა განაცხადა, VISA-ს და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. ამის საპასუხოდ ეკატერინე გალდავამ განაცხადა, რომ მუშაობენ პროექტზე ამ მიმართულებით.

„ვცდილობთ, საბარათე ბიზნესზე დამოკიდებულება ცოტა შევამციროთ. ვგულისხმობთ, რომ მოსახლეობა უნდა გადავიდეს ანგარიშის უფრო კარგ მფლობელობაზე, უნდა ესმოდეს, რომ მისი ანგარიშის გამოყენება უფრო უსაფრთხო იქნება და არაა აუცილებელი ყველგან ბარათი გვქონდეს," - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი ჩუგოშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რუსეთში სანქციების გამო არც VISA მუშაობს, არც Mastercard, არც American Express, არც Apple Pay, არც Google Pay. რუსეთში მუშაობს МИР, მხოლოდ რუსულ რუბლზე! რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა და ხელისუფლებამ ადგილობრივ საბარათე სისტემაზე გადაწყობა დაიწყო 2014 წლის შემდეგ, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინეს და სანქციები დაიწყო, თან ზუსტად იცოდნენ რას აპირებდნენ უკრაინაში და ფინანსური სანქციები იყო გარდაუვალი. ამიტომ მოემზადნენ.

ის ფაქტი, რომ დღეს ეროვნული ბანკი და ზოგიერთი დეპუტატი საუბრობს, რომ VISA და Mastercard-ს ბევრი ფული გააქვს საქართველოდან, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, შეგამზადონ, რომ მოსალოდნელია ფინანსური საქნციები და ამის ეშინიათ.

რა არის ცუდი სცენარი:

  • ქვეყანას უწესდება ფინანსური სანქციები;
  • გვეზღუდება წვდომა SWIFT-ზე;
  • გვეზღუდება წვდომა VISA-ზე;
  • გვეზღუდება წვდომა Mastercard-ზე;
  • გვეზღუდება წვდომა American Express-ზე;
  • გვეზღუდება წვდომა Apple Pay-ზე;
  • გვეზღუდება წვდომა Google Pay-ზე;
  • იქმნება ქართული ბარათები, რომელზეც ფულს გააკეთებს ვიღაც, გასაგებია ვინ ვიღაც;
  • შეიქმნება ეროვნული ბანკის შვილობილი კომპანია, რომელიც ადგილობრივ პროცესინგს (მხოლოდ ლარის გატარებებს) გააკეთებს, და ამ კომპანიის დირექტორი იქნება ვიღაც, გასაგებია ვინ ვიღაც;
  • ჩვენ ამ ბარათებით ვერ ვიყიდით Amazon-ზე;
  • ჩვენ ამ ბარათებით ვერ ვიყიდით Netflix-ზე;
  • ჩვენ ამ ბარათს ვერ მივაბამთ Spotify-ზე.

ჩვენ ამ ბარათით ვერ... ეს სია გრძელია...

ამის მერე ან მანამდე გაგვიუქმდება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში და ბოლოს შეიძლება აღმოვჩნდეთ დანგრეული ეკონომიკით, ვსემ პრივეტ ბარათებით და ვიზების რიგში,“ - წერს ჩუგოშვილი.