საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას.
პროექტის ფარგლებში, გუგლის სპეციალური გადამღები ჯგუფები 2025 წლის მარტიდან, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საქართველოს 24 ქალაქში 360 გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ.
იგეგმება 15 000 კილომეტრის დაფარვა, მათ შორის ისეთი ქალაქების, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, მესტია და სხვა, ძირითადი ფოკუსირებით გზებსა და მაგისტრალებზე.
უწყების ცნობით, საქართველოს ქალაქების 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების გამოქვეყნება 2026 წელს დაიწყება, რაც გააუმჯობესებს ნავიგაციას და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას - ვიზიტორებს შეეძლებათ წინასწარ დაათვალიერონ საქართველო და უკეთ დაგეგმონ მოგზაურობა.
Street View-ის გამოსახულებები მოიცავს მხოლოდ საჯარო საკუთრებას, ასევე კერძო ტერიტორიებს, რომელთა ფოტოგრაფირების ნებართვაც არსებობს. გარდა ამისა, Google უზრუნველყოფს მარტივად გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს, რათა ადამიანებმა მოითხოვონ მათი სახლის, მანქანის ან საკუთარი თავის დაფარვა და მონიშნონ მათთვის შეუსაბამო/მიუღებელი გამოსახულებები განხილვისა და წაშლისთვის.