სასიგნალო იარაღის შეძენას ნებართვა დასჭირდება, რომლის ფასიც 6 ლარი იქნება - კანონპროექტის დეტალები

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის მიხედვით სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება.

კანონპროექტის თანახმად, სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვა ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან გატანის ნებართვის (ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვის გარდა) მოპოვებისთვის ასაკობრივი ცენზი - 18 წლიდან განისაზღვრება.

პროექტის თანახმად, სასიგნალო იარაღით/მისი ვაზნით ვაჭრობის, ამ იარაღის/ვაზნის დამზადების (წარმოება) და სასიგნალო იარაღის შეკეთებისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი იქნება 100 ლარი.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად:

  • ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 6 ლარი,
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვისთვის – 8 ლარი.
  • იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის ფიზიკური პირისთვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება 6 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის – 12 ლარის ოდენობით.
  • როგორც საქართველოს მოქალაქის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 8 ლარი.

კანონპროექტი განსაზღვრავს სასიგნალო იარაღის დაჩქარებული სანებართვო ან/და სარეგისტრაციო მომსახურებისთვის საფასურს და ვადებსაც:

  • სასიგნალო იარაღისა და ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის სასიგნალო იარაღისა და ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურები ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღზე იქნება 70 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღის ვაზნაზე – 0,04 ლარი;
  • საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი.
  • ასევე დავამატოთ, რომ ერთეული სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისთვის, ხელახალი რეგისტრაციის ან ჩამოწერისთვის საფასურის ოდენობა 30 ლარი იქნება. დასახელებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ან ამ იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისთვის საფასურის ოდენობა იქნება 15 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემისთვის − 10 ლარი. აღნიშნული სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისას სავალდებულო იქნება მისი ბალისტიკური შემოწმებას, რისთვისაც განისაზღვრება 20 ლარის ოდენობით საფასურის გადახდა.

კანონპროექტი კანონის ძალაში შესვლას 2025 წლის 1-ლი ივლისიდან ითვალისწინებს, ამასთანავე, არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.

ირაკლი ფოფხაძე