ბაზარზე თევზის ხინკალი, პელმენი და ნაგეთსები ისევ გამოჩნდება - „უმალი“

ბაზარზე თევზის ხინკალი, პელმენი და ნაგეთსები ისევ გამოჩნდება. ამის შესახებ „უმალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი წვერავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტების გამოჩენას მომხმარებლების მხრიდან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გასულ წელს კომპანიას მისი წარმოების შეწყვეტა მოუწია. როგორც მაშინ „უმალის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობდა, მარკეტინგული შეფუთვა საკმარისი არ აღმოჩნდა. დღეს კი, დიტო წვერავა ამბობს, რომ ახალი დანადგარის მეშვეობით, წარმოება და ხარისხი გაიზრდება, შესაბამისად, შემოდგომაზე პროდუქტები გასაყიდ დახლებს ისევ დაუბრუნდება.

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე თევზის ხინკლის და პელმენის წარმოება ვერ განვაახლეთ. სპეციალური აპარატურის ყიდვა დაგვაგვიანდა. თუმცა, პროდუქტის წარმოება გეგმაში გვაქვს და შემოდგომაზე ახლიდან ჩავუშვებთ. იგივე პრობლემა შეიქმნა ნაგეთსებზეც. მოთხოვნა იყო ბაზარზე, მაგრამ წარმადობა ვერ გავზარდეთ. დროებით ესეც შეწყვეტილია და შემოდგომაზე ნაგეთსების წარმოებასაც დავაბრუნებთ.

რაც შეეხება ჩიფსებს, მისი წარმოება შემოდგომაზე დავიწყეთ და იქიდან გამომდინარე, რომ ლუდის სეზონი არ არის, მოთხოვნა არც ისეთი იყო, როგორსაც ველოდით. ვფიქრობთ, ზაფხულში ლუდის სეზონზე მოთხოვნაც გაიზრდება და სავარაუდოდ, ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიებშიც შევიტანთ“, - ამბობს დიტო წვერავა.

ცნობისთვის, შპს „ახალი თევზი“ „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა და ის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარია. კომპანია ამ დროისთვის ჯამში 40 დასახელების თევზის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორის კი, ყველაზე ნოვატორული თევზის ხინკალი და პელმენი იყო.

ნინი ქეთელაური