L’Equipe-ის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ყველაზე მაღალანაზღურებადი ფეხბურთელია. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ სახელფასო მონაცემები განაახლა და, „კვარას“ გარდა, შეგვიძლია, გავიგოთ რამდენს გამოიმუშავებენ გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილიც.
კვარაცხელიას ყოველწლიური ხელფასი 10.8 მლნ ევროა, რაც თვეში 900 000 ევრო გამოდის, მიქაუტაძეს „ლიონი“ წელიწადში 3.36 მლნ ევროს (თვეში 280 000) უხდის, ხოლო „სენტ ეტიენი“ დავითაშვილს - 720 000 ევროს (თვეში 60 000).
ზოგადად, ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე, კვარაცხელიას თანაგუნდელი, პსჟ-ის ლიდერი - უსმან დემბელეა, რომელიც წლიურად 18 მლნ ევროს (თვეში 1.5 მლნ) იღებს. მეორე-მესამე ადგილებზეც პარიზული კლუბის ფეხბურთელები არიან: მარკინიოსი (13.44 მლნ ევრო წლიურად) და ლუკა ერნანდესი (13.2 მლნ ევრო წლიურად). აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ტოპ-10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელიდან ყველა უმდიდრესი პარიზული კლუბის წევრია.
შედარებისთვის - კვარაცხელია „ნაპოლი“-ში წლიურად 1.2 მლნ ევროს გამოიმუშავებდა, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე ზუსტად 9-ჯერ ნაკლები და ყოველთვიურზე მხოლოდ 300 000 ევროთი მეტია.
ქართველთაგან ლიგა 1-ში ყველაზე შედეგიანი სეზონი დავითაშვილს აქვს - 25 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე პასი; მიქაუტაძემ 26 თამაშში 7 გოლი და 4 ასისტი მიითვალა; კვარაცხელიამ კი - 8 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.