„დღეს, როდესაც ბიზნესი ვიკრიბებით, ნომერ პირველი პრობლემა არის სამუშაო ძალა“, - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ელგუჯა მელაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე დიდი მოთხოვნაა არა მხოლოდ ელექტროშემდუღებლებზე ან მძიმე ტექნიკის ოპერატორებზე, არამედ უკვე მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებზეც, რომლებიც ასევე სჭირდება განვითარებისათვის ბიზნესს დღეს.
„შრომის ბაზარი დამოკიდებულია განვითარებაზე, მიმართულებებზე, სექტორებზე, საქმიანობებზე და ა.შ. რომელიღაც სექტორი შეიძლება გარკვეული პერიოდი განიცდის განვითარების და საქმიანობის მხრივ შემცირებას, მაგრამ სხვა სექტორი პირიქით. ამდენად, ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ სამუშაოს, მიზანი უნდა იყოს, რომ მოერგონ იმ მოთხოვნებს, რაც ახალ სამუშაო ადგილებზე არის.
ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ სტატისტიკით და შეჯამებული ინფორმაციით, არამედ პრაქტიკული მოთხოვნებით. როდესაც დღეს ბიზნესი ვიკრიბებით, ნომერ პირველი პრობლემა არის სამუშაო ძალა. ეს არ არის მხოლოდ როგორც ხშირად საუბრობენ, ელექტროშემდუღებელი ან მძიმე ტექნიკის ოპერატორი, რომელზეც კატასტროფული მოთხოვნაა, ეს არის ასევე მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე სჭირდება განვითარებისთვის დღეს ბიზნესს.
ეს პროცესი ვერ შეჩერდება [კადრების გადინების/მიგრაციის], ჩვენ ვართ ევროპული და მსოფლიო ორგანიზაციის ნაწილი, შესაბამისად, ეს ბიზნეს ურთიერთობები მაინც განვითარების პროცესშია,“ - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.