მარტში ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა - რომელ ინგრედიენტზე გაიზარდა/შემცირდა ფასები

2025 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურად 8.3%-ით გაიზარდა, თვის ჭრილში კი 1.6%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, ISET-ის კვლევის მიხედვით, მარტში ერთი ხაჭაპურის მომზადება საშუალოდ 6.93 ლარი ჯდებოდა.

ანგარიშიც მიხედვით, წლიურად ფასის ზრდა ძირითადად ყველის გაძვირებით იყო გამოწვეული.

„ხაჭაპურის ზოგიერთი ინგრედიენტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა წლიურ ჭრილში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფასების ზრდა დაფიქსირდა ყველის (+14.9%), კარაქის (+13.4%), საფუარისა (+2.1%) და რძის (+1.1%) შემთხვევაში. დარჩენილი ორი ინგრედიენტის, კვერცხის (-5.8%) და ფქვილის (-5.7%) ფასები კი შემცირდა.

მარტში ხაჭაპურის ინდექსმა თვიურ ჭრილში კლება განიცადა. აღნიშნული ცვლილების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ყველისა (-2.5%) და რძის (-0.9%) ფასები, რომელიც წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს კლება შეესაბამება ადგილობრივი ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ზრდას, რაც რძის პროდუქტების ფასების შემცირებას იწვევს. გარდა ამისა, 3 მარტს დიდმარხვა დაიწყო, რამაც შესაძლოა იმოქმედა ყველისა და რძის პროდუქტების ფასების შემცირებაზე, რადგან მათზე მოთხოვნა ამ პერიოდში მცირდება.

რაც შეეხება ხაჭაპურის სხვა ინგრედიენტებს, უმეტესობაზე თვიური ფასების კლება დაფიქსირდა: ფქვილის (-0.8%), კვერცხისა (-0.8%) და საფუარის (-0.3%) ფასებმა მცირე დეფლაცია განიცადა. ერთადერთი გამონაკლისი იყო კარაქი (+3.4%), რომლის ფასიც წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.