2025 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა, სამსახურის მაძიებელთა რიცხვი კი გაიზარდა, - აღნიშნულის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების სააგენტო HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა, ინგა შახბაზიანმა განუცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა და 14.2% შეადგინა. ამასთანავე, მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, სამსახურის მაძიებელ უმუშევართა რიცხვი 8.2 ათასით, დასაქმებულთა რიცხვი კი 4.9 ათასით გაიზარდა.
სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ბოლო პერიოდია აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რასაც ემიგრაციის ზრდასა და „ტვინების გადინების“ პროცესთან აკავშირებენ. აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი გამოძახილია ისიც, რომ კომპანიები ერთი და იმავე პოზიციაზე ვაკანსიების რამდენჯერმე გამოცხადება უწევთ.
BPN-თან საუბრისას შახბაზიანი ყურადღებას ამახვილებს სამ ძირითად ფაქტორზე, რაც ერთი და იგივე სამუშაო ადგილზე ვაკანსიის გამოცხადებას განაპირობებს. მათ შორის არის კომპანიებიდან კადრების გადინება და სპეციფიკური გამოცდილების საჭიროების მქონე პოზიციებზე კადრების ნაკლებობაც.
„რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, პირველი - მაგალითად კონსულტანტს რომ ეძებს მაღაზია, შესაძლოა, სჭირდებოდეს რამდენიმე კადრი, რადგან ფილიალები აქვთ. ამიტომ, მუდმივად აქვთ ხოლმე ასეთ კომპანიებს აქტიური პოზიციები. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიიდან დენადობაა მაღალი.
მეორე საკითხია ის, რომ შესაბამისი კადრი ვერ აჰყავს კომპანიას - ეს ნაწილი დამოკიდებულია პოზიციის სპეციფიკაზე. კერძოდ, თუ იშვიათი და სპეციფიკური პოზიციაა, გამოცდილება სპეციფიკური სჭირდება და შესაძლოა, ვაკანსიის ერთხელ განთავსებით ვერ აიყვანოს კომპანიამ კადრი.
მესამე არის კომპანიიდან კადრების დენადობა - შესაძლოა დამსაქმებელმა აიყვანოს კადრი, თუმცა შეიძლება კადრი კომპანიიდან მალე წავიდეს ან დამსაქმებელს არ მოეწონოს. ასეთ შემთხვევაში ხელახლა აცხადებენ ვაკანსიებს,“ - განაცხადა ნინო შახბაზიანმა.