„მართა ბებოს დამბალხაჭო“ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგიის გადარჩენის მოტივით წამოწყებული ოჯახური ბიზნესი 2022 წელს გაფართოვდა და თიანეთში საწარმოც აშენდა. მიმდინარე წელს საწარმომ HACCP-ის სერტიფიკატი მიიღო. „მართა ბებოს დამბალხაჭო“ მოხვდა საქართველოს „ყველის გზის“ რუკაზეც, ამჟამად კი აგროტურისტული ობიექტის განვითარება ხორციელდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ განვლილი გზის, გამოწვევების, ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და სამომავლო გეგმების შესახებ „მართა ბებოს დამბალხაჭოს“ დამფუძნებელს, ეკა დოჯურიშვილს ესაუბრა:
პირველ რიგში, მოგვიყევით, საიდან წამოვიდა დამბალხაჭოს წარმოების დაწყების იდეა და რა ნიშნით შეარჩიეთ სახელი „მართა ბებოს დამბალხაჭო“?
- დამბალხაჭო არის ფშავისთვის დამახასიათებელი ავთენტური ყველი და მამაჩემის დედა, მართა ბებო ამზადებდა ბავშვობიდან. ისე მოხდა რომ, 90-იანების შემდეგ, როცა ძალიან გაჭირდა ცხოვრება, დამბალხაჭო ფიზიკურად აღარ მზადდებოდა და იყო საშიშროება, რომ მისი დამზადების ტექნოლოგია, რომელსაც არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, გადაშენების საფრთხის წინაშე დამდგარიყო. 2-3 თვე სჭირდება დამბალხაჭოს დამზადებას, იქიდან გამომდინარე, რომ არის შრომატევადი და ადამიანებს არ ჰქონდა იმის რესურსი ეს პერიოდი ეცადათ დამბალხაჭოს მომზადებისთვის, რათა ოჯახში შემოსავალი მიეღოთ, ერჩივნათ ყველი ამოეყვანათ, რამდენიმე დღეში გაეყიდათ და ელემენტარული პროდუქცია შეეძინათ ოჯახისთვის. გარდა ამისა, არ იყო მოთხოვნა მაშინ დამბალხაჭოზე, რადგან არ იყო ამდენად ცნობადი. გვიხარია, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დამბალხაჭო მართა ბებოს სახელით გაიცნო და ამაყები ვართ, ბებოს ხახელის დარქმევით წინაპართა ხსოვნის და პატივისცემის ქართული ტრადიცია გავაგრძელეთ და სხვებიც წავახალისეთ ასეთი ქცევისკენ. ჩვენი მიზანია ისე განვითარდეს წარმოება, რომ დამბალხაჭო პარმეზანის მსგავსად ცნობადი და მოთხოვნადი გახდეს გლობალურ ბაზარზე
რამდენი ხანია ბაზარზე ოპერირებთ და რა გზა განვლო „მართა ბებოს დამბალხაჭომ“ დღემდე?
- წარმოება 2017 წელს დავიწყეთ. ჩვენი მიზანი იყო დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგიის გადარჩენა. დავიწყეთ როგორც საოჯახო ბიზნესმა და 2022 წელს შეღავათიანი აგროკრედიტით ავაშენეთ საწარმო. წელს მივიღეთ HACCP-ის სერტიფიკატი. საწარმოში ვართ დასაქმებულ 7 ადამიანი, ძირითადად ოჯახის წევრები. ჯერჯერობით ავუდივართ საქმეს. თავად ვახორციელებთ წარმოებას, დისტრიბუციას და PR კამპანიას. ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ ბიზნესი, არანაირი საწყისი კაპიტალი არ გვქონია და თავის დროზე ვინმეს რომ ეთქვა, მეც ვერ დავიჯერებდი, რომ ნულიდან შეიძლება ბიზნესის დაწყება და ეტაპობრივად თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამ, საკმაოდ დიდი შემოსავლების აკუმულირება. ეს შემოსავლები ჯერ ისევ წარმოებაში ბრუნდება, ჯერ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ვიყოთ ფინანსურად დამოუკიდებლები და მყარად ვიდგეთ. თუმცა, ფაქტია რომ ბიზნესი თავის თავს ინახავს და ჩაბრუნებული კაპიტალით ხდება საწარმოს განვითარებაც.
საწარმო ქართული „ყველის გზის“ რუკაზეც მოხვდა, დაიწყეთ აგროტურისტული ობიექტის განვითარებაც; რაც ეტაპზეა ახლა პროცესები?
- აგროტურისტული მიმართულებაც დავიმატეთ. გასულ წელს ავიღეთ სესხი და ამ სესხით ვახორციელებთ შოურიმუსა და ტურისტული სივრცის მოწყობას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში აქტიურად მივიღებთ ტურისტებს. საქართველოს „ყველის გზის“ რუკაზე მოვინიშნეთ. ძალიან კარგი პროექტია, როგორც თავის დროზე „ღვინის გზამ“ ხელი შეუწყო მცირე მარნების ტურისტულად განვითარებას, ვფიქრობ ასეთივე დატვირთვას შეასრულებს „ყველის გზა“ ყველის მწარმოებელი საწარმოებისთვის. დაახლოებით 120 საწარმო აღიწერა ქვეყნის მასშტაბით, აქედან რუკაზე მოინიშნა პირველი 30 საწარმო და გვიხარია, რომ ამ საწარმოთა შორის მოვხდით ჩვენც. გასულ ზაფხულს ესპანელმა ვიზიტორმა მომწერა და გვესტუმრა კიდეც პროდუქტის შესაძენად. გვითხრა რომ ყველის გზის რუკაზე ნახა ჩვენი ობიექტი.
როგორია ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე დამბალხაჭოზე მოთხოვნა?
- გაყიდვის პრობლემა არ გვაქვს; მოთხოვნა არის ძალიან კარგი, თუმცა, საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს. ამ ეტაპზე გვაქვს პრობლემა წარმოების კუთხით, რადგან წველადობა არის მცირე სეზონურობიდან გამომდინარე. დეკემბრიდან მარტის ჩათვლით იკლებს რძის წარმოება. თუ ჩვეულებრივ 1 კგ ყველს სჭირდება 9-10 ლიტრი რძე, დამბალხაჭოს დასამზადებლად საჭიროა 25-ლიტრამდე რძე. იქიდან გამომდინარე, რომ დამბალხაჭო ნედლი რძის გარდა ვერაფრით კეთდება, ამ პერიოდში გვიმცირდება წარმოება და იზრდება ფასი. წარმოების კუთხით მეორე გამოწვევა იყო ძლიერი ყინვები. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შესაბამისი პირობები, მაინც გვაქვს ამ კუთხით შეფერხება. დამბალხაჭო ითვლებოდა სეზონურ პროდუქტად, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე კეთდებოდა, რადგან არ იყო საშუალება, რომ ზამთრის პერიოდში გამშრალიყო. ზამთარში წარმოება არ ხდებოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წარმოებას მივეცით ბიზნესის სისტემური სახე და ვალდებულება გვაქვს მუდმივ პარტნიორებთან (მარკეტებთან, რესტორნებთან და ა.შ.), შევქმენით შესაბამისი პირობები და მთელი წელი ვაწარმოებთ. თუმცა, ეს არ აკნინებს პროდუქტს, იგივე ხარისხისაა, მაგრამ რაოდენობრივად გვიჭირს ამ სეზონზე. ფასი ჩვენთან არის 60 ლარის ფარგლებში. მარკეტებში ალბათ გაცილებით მეტია, არის ტურისტული ობიექტები სადაც კილოგრამი 120 ლარიც კი ღირს.
ხომ არ გეგმავთ სამომავლოდ საექსპორტო ბაზრების ათვისებასაც?
- ექსპორტზე ვაპირებთ, რა თქმა უნდა, გასვლას. დამბალხაჭოს თავისუფლად შეუძლია გახდეს ძალიან მოთხოვნადი ბაზარზე და თავისი გემოთი, ხარისხითა და თვისობრივი ნიშნებით გაუწიოს კონკურენცია ისეთ ყველს, როგორიც არის პარმეზანი, კამამბერი და ა.შ. დიდის სურვილი გვაქვს, რომ მსოფლიო ყველის მოყვარულთა საზოგადოებამ კიდევ უფრო გაიცნოს დამბალხაჭო, მაგრამ ამას წინ უდგას ძალიან ბევრი ბარიერი. მაგალითად, ევროკავშირში ცხოველური პროდუქტები ექსპორტზე ოფიციალურ ვერ გადის, რადგან საქონლის მოვლასა და სხვა სტანდარტთან დაკავშირებით სახელმწიფო დონეზეა რეგულაციები აყვანილი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ წარმოებული პროდუქტი არ აკმაყოფილებს სტანდარტებს.