რა ღირს თბილისი-ლონდონის რეისზე ბილეთები - დღეიდან პირდაპირი ფრენები დაიწყო

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, British Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი უკვე შეასრულა.

„31 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, - British Airways-ის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა; ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დაუკავშირდნენ.

ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.

მნიშვნელოვანია, რომ American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა British Airways-ის მგზავრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით ლონდონის გავლით - ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

British Airways-ის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 1 გზის ფასი თბილისი-ლონდონის მიმართულებით 100-266 ევროს ფარგლებშია.

მერი ტაბატაძე