საქართველოს მთლიანი მოსახლეობის თითქმის 1/3 ცხოვრობს თბილისში და მშპ-ს 50%-ს ქმნის, - ამის შესახებ ვკითხულობთ ISET-ის „საქართველოს მუნიციპალიტეტების სიცოცხლისუნარიანობის შესახებ ინდექსში“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ დედაქალაქისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მცირდება მოსახლეობა. ამასთან, კვლევის თანახმად, რეგიონები განიცდიან სიღარიბეს, უმუშევრობასა და სუსტ ეკონომიკურ განვითარებას.
გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მოსახლეობის მესამედი კვლავაც სიღარიბეშია, 55% კი დღეში 6.85 აშშ დოლარის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება საკვანძოა, სიღარიბისა და სიცოცხლისუნარიანობის არაეკონომიკური მიმართულება კეთილდღეობის კრიტიკულ ფაქტორებს წარმოადგენს“, - აღნიშნულია კვლევაში.
ცნობისთვის, სიცოცხლისუნარიანობის ინდექსი აფასებს ქვეყნის ან რეგიონების ცხოვრების ხარისხს. აღნიშნულის განსასაზღვრად გამოიყენება ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა, სერვისებზე ხელმისაწვდომობა, დაკავშირებადობა, ინფრასტრუქტურა, დემოგრაფიული და სოციალური ფონი და ა.შ.
„აისეტის“ კვლევის თანახმად, ჩამოთვლილი ინდიკატორების მიხედვით, სიცოცხლისუნარიანობის ინდექსში ლიდერობს თბილისი, მას კი მოსდევს ბათუმი, ყაზბეგი, ფოთი და რუსთავი. რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს ლენტეხი, ცაგერი, მარნეული, მარტვილი და ხულო.