„სამედიცინო ენით რომ ვთქვათ, ამ რეიტინგით ჩვენ ვიყავით ჩვეულებრივ „პალატაში“, გადაგვიყვანეს ინტენსიურში და ახლა გადავედით კრიტიკულში. და, თან, მთელ სამყაროს აცნობეს, რომ ეს ქვეყანა, არ იქცევა კარგად“, - ასე აფასებს კვლევითი ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს პერსპექტივის სტაბილურიდან ნეგატიურში გადაყვანას.
ნიკოლოზ ალავიძის თქმით, აღნიშნული შეფასებით, როგორც Moody’s-მა ისე Fitch-მა უთხრეს ქვეყანას, რომ თუ ასე გაგრძელდა, გააუარესებენ რეიტინგს, გაზრდიან რისკებს , შესაბამისად, თუ ვინმეს ქვეყანაში საქმის გაკეთება მოუნდება - „ან ძვირად მოვა, ან საკუთარი პირობების მოხვევას მოინდომებს, ან საერთოდ მომერიდება და წავა სხვაგან“.
ცნობისთვის, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა. თუმცა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა.
გასული წლის დეკემბერში ანალოგიურად შეაფასა საქართველო Fitch-მაც. კერძოდ, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.
„ეს რეიტინგები არის ინდიკაცია ინვესტირებისთვის, რეპუტაციის შესახებ. ისინი არიან ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები, ძირითადად სამეული: Moody’s-ი, Standard & Poors და Fitch-ი, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული 100 წელზე მეტია. ეს ხალხი ქმნის „რეპუტაციას“. ეს ორგანიზაციები მეცნიერებაზე და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებენ შეფასებებს, რომელიც იძლევა მსჯელობის საშუალებას, რომ ურჩიონ ინვესტორებს ამა თუ იმ ქვეყანაში, ან კომპანიაში, ნებისმიერი მიმართულებით გააკეთონ დაბანდება. ეს ქვეყნებისთვის საჭიროა იმისთვის, რადგან გვჭირდება ფული, სესხი, ჩვენი ეკონომიკა რომ განვითარდეს. გარდა დიდი ფინანსური ინსტიტუტებისა, როგორებიცაა, საერთაშორისო სავალუტო ბანკი, მსოფლიო ბანკი და ა.შ. ვინც ცოტა იაფ ფულს იძლევიან, ასევე არიან ინსტიტუციური ინვესტორები, საპენსიო ფონდები, საიდანაც შეუძლია ქვეყანას (ან კომპანიას) სესხის აღება. ეს სესხი გამომდინარეობს მისი რისკიდან, დაბრუნების ხარისხი რამდენად მაღალია. თუ მაღალია - რა თქმა უნდა, ფასი ძალიან დაბალია, რადგან ზუსტად იციან, რომ დააბრუნებ. თუმცა, თუ დაბალია დაბრუნების ხარისხი, ესე იგი რისკიც და ფასიც მაღალია. ამიტომ, ეს რეიტინგები და მათი შეფასებები არა მხოლოდ ჩვენთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
სამივე უშველებელ ორგანიზაციას რეიტინგებში აქვს თავის კრიტერიუმები. არის სახიფათო რეჟიმი (რეიტინგი რომ გაკეთდა მასზე ძალიან კარგია, მაგრამ არ მიეკარო), სასპეკულაციო ნაწილი და საინვესტიციო ნაწილი. სპეკულაციური რეიტინგი ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტულ ქვეყანასთან (კომპანიასთან) რისკები არსებობს, მაგრამ მუშაობა შესაძლებელია. ეს დადებითიც არის იმ მხრივ, რომ რადგან შენთან რისკები არის, მაგრამ საქმის კეთება შეიძლება, ე.ი. მეტი მოგების მიღებაც შეიძლება. ამიტომ, შესაძლოა, რისკზე ორიენტირებული ინვესტორი დაინტერესდეს, საქმეში ფულს რომ ჩადებს, შანსია, რომ შენთან უფრო მეტი მოიგოს. ჩვენ ვიყავით სწორედ ამ სპეკულაციური რეიტინგის სიაში“,- ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.
მისი თქმით, აღნიშნული საერთაშორისო სააგენტოები ქვეყანას (კომპანიას) აფასებენ მართვის სისტემით, პარტნიორებით და ა.შ. მინიჭებული რეიტინგები კი ყოველ 6 თვეში ერთხელ ახლდება. შესაბამისად, ქვეყანას ეძლევა შანსი, რომ ის გამოასწოროს, ან გააუმჯობესოს.
„კომპანია იქნება, თუ ქვეყანა რეიტინგში ფასდება კორპორაციული მართვის ინსტიტუციური სისტემით. ვინ მართავს, ერთპიროვნულად იმართება, თუ რამე სტრუქტურაა, დირექტორთა საბჭოა, მენეჯმენტის ბორდია, მაღალია კომპეტენცია თუ არა, რამდენად შეიძლება ნდობა, საქმეს როგორ გააკეთებენ, როგორი გამოცდილება აქვთ. მეორე ნაწილია, მათ მიერ გაკეთებულმა დაბანდებებმა რამდენად გაამართლა, როგორი პარტნიორები ჰყავთ, როგორ გეოგრაფიულ უბანშია, ყველა ხმლით დადის, თუ პირიქით, დაცული უბანია და ა.შ. როდესაც ჩვენ პირველად ეს საკრედიტო რეიტინგი მივიღეთ, ძალიან მაგარი გარღვევა იყო (2003 წელს). ეს ნიშნავდა დიდ აღიარებას, რომ ქვეყანამ რაღაც მოძრაობა დაიწყო. პირველი C იყო, ყველაზე დაბალი, მაგრამ რეიტინგი მოგვენიჭა, ანუ, დიდი სტადიონზე ბილეთი მოგვყიდეს. იქ რომ შეხვალ, მერე გინდა, მოედანთან ახლოს მიხვიდე და იქცევი კარგად, რომ არ გამოგაგდონ და წინ იარო. ესე ეტაპობრივად ავედით ამ სპეკულაციურ რეიტინგშიც დაბალი საფეხურიდან BB2-ზე ეს უკვე ძალიან კარგი იყო. მართალია 3 B-ზე ვეღარ ავედით, მაგრამ აქ მთავარი იყო მოლოდინები, რომლის განახლებაც ხდება 6 თვეში ერთხელ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი მოლოდინია, პოზიციური, სტაბილური, თუ ნეგატიური. სტაბილური ნიშნავს, რომ შეგიძლია პოზიტიურში გადახვიდე.
სამედიცინო ენით რომ ვთქვათ, ამ რეიტინგით ჩვენ ვიყავით ჩვეულებრივ „პალატაში“, გადაგვიყვანეს ინტენსიურში და ახლა გადავედით კრიტიკულში. და, თან, მთელ სამყაროს აცნობეს, რომ ეს ქვეყანა, კომპანია, არ იქცევა კარგად, არღვევას იმ წესებს და სტანდარტებს, რომელიც ნათელ ინდიკაციას გაძლევს იმისას, რომ თუ კიდევ გაგრძელდა ასე, მე გაგიუარესებ რეიტინგს, გავზრდი რისკებს, რაც გამოიწვევს იმას, რომ თუ ვინმეს შენთან საქმის გაკეთება მოუნდება, ან ძვირად მოვა, ან საკუთარი პირობების მოხვევას მოინდომებს, ან საერთოდ მომერიდება და წავა სხვაგან. მაგრამ ასე რომ არ მოხდეს, აი გეგმა და ამ 6 თვის განმავალობაში მინიმუმ გააუმჯობესე ის პოზიციები, რის გამოც მე ეს გავაუარესე.
თუ ასე არ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ფისკალური წნეხი და ბიუჯეტის ხარჯები უფრო გაიზრდება, ის ეკონომიკაში არ ჩაიდება, შესაბამისად, განვითარებას არ მოხმარდება. რეიტინგის გაუარესება ძალიან დიდი და ცუდი პროცესია.
რეპუტაციის აშენებას სჭირდება დიდი და ხანგრძლივი შრომა, ხოლო მისი გაუარესება ძალიან მარტივია. პოზიციურიდან ჯერ გადავედით სტაბილურში, შემდეგ ნეგატიურში. ეს პროცესი ბოლო ერთ წელიწადში მოხდა. ტრენდს თუ დავაკვირდებით, მიდის ნეგატიურისკენ, თუ ეს გაგრძელდა და ზომები არ მივიღეთ (ამ შემთხვევაში ვინც სახელმწიფოს მართვას იმათმა), ქვეყნისთვის ფული გაძვირდება, საქმიანი რეპუტაცია შემცირდება, რაც პირველ რიგში აისახება ბიზნესებზე. რომლებიც ასე კომფორტულად გრძნობენ თავს და ფიქრობენ, რომ არაფერი ემუქრებათ“,- ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.
მისი თქმით, ვითარების უკეთესობისკენ შემობრუნება ჯერ კიდევ შესაძლებელი და მოსწრებადია, მთავარია, პროცესის დაწყება.
„მე ვფიქრობ, სიტუაციის შემობრუნება ძალიან რეალური და შესაძლებელია. მთავარია, ხელისუფლებისგან მიიღოს ვიღაცამ გადაწყვეტილება და თქვას, კი ბატონო, ჩვენ დავფიქრდით , 2030 წელს არ დაველოდებით, იმ რეფორმებს, რომელიც იყო დღის წესრიგში, თავიდან დავიწყებთ. ეს რეფორმები არ არის ერთ დღეში მისაღწევი, მთავარია დაწყება“,- ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.