რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო სოჭიდან აფხაზეთში რეგულარული საზღვაო სამგზავრო ტრანსპორტის ამოქმედებას განიხილავს.
ამის შესახებ მინისტრ რომან სტაროვოიტმა ტელეკომპანია „Россия-24“-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივმა მეწარმეებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, სამგზავრო ტრანსპორტისთვის გემების მიწოდება უზრუნველყონ.
„საერთაშორისო მოძრაობის ფარგლებში სოჭიდან აფხაზეთში შესვლის ვარიანტებს განვიხილავთ. ეს რუსებისთვის ნამდვილად საინტერესო იქნება,“ - აცხადებს სტაროვოიტი.
რუსი მინისტრი განმარტავს, რომ ასეთი მარშრუტების ორგანიზება სოჭის ადმინისტრაციის კომპეტენციაში შედის, მაგრამ ფედერალური უწყება ინიციატივას ყოვლისმომცველ მხარდაჭერას გაუწევს.
პროექტის რეალიზებისთვის ტრანსპორტის სამინისტრომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა.
რუსი მეწარმეები საჭირო გემებს უკვე ფლობენ და მგზავრთა გადასაყვანად მზად არიან. ამჟამად მგზავრთა პოტენციური ნაკადისა და პროექტის ეკონომიკური ეფექტურობის შესახებ წინასწარი დეტალური ანალიზი ტარდება.
2025 წლის ნავიგაციის სეზონზე აფხაზეთთან რეგულარული საზღვაო მიმოსვლის აღდგენა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ადრეც დააანონსა. გასულ წელს სოჭი-ანაპა-სოჭის მარშრუტზე მგზავრთა ანალოგიურ გადაყვანაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. კერძოდ, გემ „იალტამ“ ამ მარშრუტზე ივნისიდან ივლისამდე 5.000-ზე მეტი მგზავრი, ხოლო ნოვოროსიისკი-გელენჯიკი-სოჭის მარშრუტზე მაისიდან ოქტომბრამდე თბომავალ „სევასტოპოლმა,“ დაახლოებით, 30.000 ადამიანი გადაიყვანა.
ცნობისთვის: 2023 წლის ოქტომბერში ანექსირებული ყირიმის ე.წ. განვითარების ფონდი „კომეტას“ ტიპის სამგზავრო კატერებით გელენჯიკი-ნოვოროსიისკი-სოჭის მარშრუტის სოხუმამდე გაფართოების ინიციატივით გამოვიდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ