„ძირითადი მშრომელი და ინტელექტუალური ძალისგან დაიცლება ქვეყანა აქ მხოლოდ დარჩება ის, ვინც ავტორიტარულ რეჟიმთან არ მოდის წინააღმდეგობაში“- ამის შესახებ „ბიზნესპრესბიუსთან“ სოციოლოგმა ნინო ხელაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, 2023 წელს ქვეყნიდან წასული ადამიანების 70% იყო 30 წლამდე, ამასთან, თუ ადრე მიგრაციას ჰქონდა გენდერული ასპექტი, (გარკვეულ ქვეყნებში მხოლოდ ქალები მიდიოდნენ), ახლა უკვე ეს მოხსნილია. როგორც ნინო ხელაძე განმარტავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნიდან ისინიც მიდიან, ვინც მანამდე ემიგრაციაში არ დადიოდა.
სოციოლოგის თქმით, ვისაც ქვეყანაში ეკონომიკა უნდა შეექმნა და ინოვაცია შემოეტანა, ისინი მიდიან. ამიტომ, თუ დემოკრატიის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ძვრები არ იქნება, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.
ცნობისთვის, სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველოდან 163 480 ქართველი წავიდა ემიგრაციაში, 91,896 კი დაბრუნდა ქვეყანაში, ე.ი 71 584 წმინდა გადინებაა. ეს წარმოადგენს 54%-იან ზრდას 2022 წელთან შედარებით და 75.3%-იან ზრდას 2021 წელთან შედარებით, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი უარყოფითი მიგრაციული ბალანსია.
„მიგრაციის პროცესის შეჩერების პირველი გარანტია ქვეყნის დემოკრატიული პროცესების შენება იქნება. მაგალითად, ჩვენ რომ ევროკავშირთან გავაგრძელოთ ურთიერთობა და კონკრეტულ პერიოდში რომ შევძლოთ ევროკავშირში გაწევრიანება, ეს გამოიწვევს მთელი ამ ტენდენციის შეცვლას. თუ ევროკავშირის დონის ეკონომიკა და სოციალური დაცვა გვექნება, ადამიანებს გაუჩნდებათ ქვეყანაში დაბრუნების სურვილი. მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის, ვინც ემიგრაციაშია წასული, ეს მხოლოდ ეკონომიკური გადაწყვეტილებაა. სხვა მხრივ, მათ არ ექნებოდათ სურვილი, რომ უცხო ქვეყანაში გაატარონ საკუთარი ცხოვრება.
ამას ემატება შიში, რომელიც გაჩნდა ადამიანებში. არ იციან, რა იქნება, რა ახალი კანონი შემოვა. შესაბამისად, თუ ეს პროცესები შეჩერდება, რაც დემოკრატიის უკუსვლას, იზოლაციაში მოქცევას უკავშირდება და იმ კურსს დავუბრუნდებით, რომელიც მანამდე გვქონდა, ვფიქრობ, ეს პრობლემები ნელ-ნელა ალაგდება. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გამწვავდება.
გაუარესების შემთხვევაში, ძირითადად მშრომელი და ინტელექტუალური ძალისგან დაიცლება ქვეყანა და მიგრაციის ძალიან დიდი ტალღები იქნება. აქ მხოლოდ დარჩება ის, ვინც ავტორიტარულ რეჟიმთან არ მოდის წინააღმდეგობაში. იქნება ლარად გადაცემული ქონებები და ა.შ. თუმცა, აქ იმ ადამიანებსაც გაუჭირდებათ ცხოვრება, ვინც ავტორიტარული რეჟიმის ნაწილები არიან, თუ არ იქნებიან პრივილეგირებული ოლიგარქები. იმიტომ, რომ ეკონომიკა უბრალოდ ვეღარ იმუშავებს ისე, როგორც მუშაობდა. ძალიან ცუდ სცენარს მივიღებთ, თუ ის პროცესები გაგრძელდა, რაც ახლა არის დაწყებული“,- ამბობს ნინო ხელაძე.