ქოჩორაშვილის ახალი კლუბი ცნობილია - ტრანსფერის დეტალები

გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანური „ლევანტედან“ პორტუგალიურ გრანდ „სპორტინგში“ გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

გავლენიანი პორტუგალიური გამოცემა Abola-ს ინფორმაციით, ლისაბონური კლუბი ტრანსფერის სანაცვლოდ 5.5 მლნ ევროს გადაიხდის, რასაც 2 მლნ ბონუსების სახით დაემატება. გარდა ამისა, „სპორტინგიდან“ მომავალში სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, „ლევანტე“ სატრანსფერო თანხის 12.5%-ს მიიღებს.

„ლევანტეს“ ვებგვერდის თანახმად, 25 წლის ქართველი მიმდინარე სეზონის ბოლომდე კვლავ მათ კლუბში ითამაშებს, „სპორტინგს“ კი 1-ლი ივლისიდან შეუერთდება და მასთან კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

დიდი შანსია, „ქოჩორაშვილმა“ მომავალ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს - მის კლუბს საამისოდ პორტუგალიის ჩემპიონატის დარჩენილ 7 ტურში 13 ქულის აღებაც ეყოფა.

„სპორტინგი“ 20-გზის პორტუგალიის ჩემპიონია, რაც „ბენფიკასა“ (38 ჩემპიონობა) და „პორტუს“ (30) შემდეგ საუკეთესო შედეგია.

ირაკლი ფოფხაძე