რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან, 1-ლი აპრილიდან, ხბოების ექსპორტი კვლავ დასაშვები ხდება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.
შეგახსენებთ, 2019 წლამდე მოქალაქეებს უცხოეთში ხბოების გაყიდვის საშუალება ჰქონდათ. 2019 წლიდან 140 კგ-მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი აიკრძალა, მოგვიანებით კი რეგულაცია 160 კმ-მდე საქონელზე გავრცელდა.
2020 წლის ნოემბერში „თავისუფალმა ინსტიტუტმა“ აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით ქვემო ქვალონელ გლეხებთან ერთად კონსტიტუციური სარჩელით სასამართლოს მიმართა.
2024 წლის 30 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „თავისუფალმა ინსტიტუტმა“ და გლეხებმა საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოიგეს.
„მთავრობა სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ხბოები საზღვარგარეთ გაჰყავთ გასასუქებლად და, სადაც ასუქებენ, იმ ქვეყანას ფინანსური სარგებელი აქვსო. ქვალონელი გლეხები კი აჩვენებდნენ ამ შეზღუდვით გამოწვეულ ზარალს და ითხოვდნენ, რომ სახელმწიფო არ ჩარეულიყო მათი ბოჩოლების საქმეში“, - აღნიშნული იყო 2024 წლის დეკემბერში „თავისუფალი ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.