“ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურ გადანაწილებას გამოიწვევს”,- ამის შესახებ ანალიზს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აკეთებს.
როგორც ცნობილია, სომხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირების მშვიდობიან ფაზაში გადასვლის შემდგომ აზერბაიჯანი და თურქეთი – ზანგეზურის დერეფნის გააქტიურებას და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებთან ინტენსიურად მიერთებას შეუდგნენ. შედეგად, იკვრება ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი სატრანსპორტო “რკალი”.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, ახალი დერეფნის ფორმირებაში და ევროპულ სივრცესთან სავაჭრო სატრანსპორტო კავშირების გაფართოებაში, საქართველოს გარდა, თითქმის ყველა მეზობელი სახელმწიფო – სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, ცენტრალური აზიის „ხუთეული“ – გარკვეული დოზითაა დაინტერესებული.
როგორც სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ცენტრი წერს, მიუხედავად მეზობელი აზერბაიჯანის და თურქეთის მისწრაფებისა განავითარონ ზანგეზურის დერეფანი, არსებობს რიგი ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა, დააბრკოლოს დერეფნის ერთიანი კარკასის ჩამოყალიბება, რაც პირველ რიგში, პროექტის განხორციელების სინქრონიზაციის დარღვევას და დროში გაჭიანურებას უკავშირდება.
კვლევაში მოყვანილი არგუმენტების თანახმად, ზანგეზურის დერეფანი შედგება ხუთი დამოუკიდებელი მონაკვეთისაგან, რომლებზეც სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს მოსამზადებელი და რიგ მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები.
ამასთან, ზანგეზურის დერეფნის ყველაზე პრობლემურ ნაწილს აზერბაიჯანიდან, სომხეთის სიუნიკის გავლით ნახიჩევანთან დამაკავშირებელი სარკინიგზო – 45-კილომეტრიანი მონაკვეთი წარმოადგენს.
როგორც ცენტრი განმარტავს, დერეფნის ეს მონაკვეთი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც დღეს უფუნქციო მდგომარეობაშია და მოითხოვს მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელახალ აღდგენას.
“მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ინტენსიურად ახორციელებს მომიჯნავე უბნებზე სამშენებლო სამუშაოებს, სომხეთს ამ მიმართულებით ჯერ არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს. პირველ რიგში, ამ მონაკვეთის დასრულების გაურკვევლობა მოიაზრება – სინქრონიზაციის დარღვევაში”, - აღნიშნავენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.
ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ზანგეზურის დერეფანს დამატებით დინამიზმს მატებს, აზერბაიჯანის მისწრაფება საკუთარ ტერიტორიაზე, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პარალელურად განავითაროს, საავტომობილო მაგისტრალი. პერსპექტივაში კი, ორივე სარკინიგზო და საავტომობილო მონაკვეთი ახალი დერეფნის შემადგენელი ნაწილი გახდება.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ნახიჩევანის გავლით, ახალი ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით, ყველაზე მოგებული აზერბაიჯანი გამოდის, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, მას ეძლევა ნებისმიერი ტვირთნაკადის დივერსიფიცირების შესაძლებლობა, კერძოდ, შეეძლება მისთვის მისაღები სატარიფო ინსტრუმენტების გამოყენებით, ტვირთნაკადი თავისი ტერიტორიის გავლით, მიმართოს ან შუა დერეფნით ან ზანგეზურის დერეფნით.
ამიტომ, აზერბაიჯანი ახალ დერეფანს განიხილავს არა როგორც შუა დერეფნის ალტერნატივას არამედ როგორ ურთიერთ შემავსებელ დერეფანს” - აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება საქართველოს როლს, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განმარტებით, ქვეყანა დაკარგავს, ჩვენი ნავსადგურების და რკინიგზის გამოყენებით რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების ძირითად ტრანზიტს.
გარდა ამისა, ცენტრის შეფასებით, საავტომობილო ნაკადის რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში გადაზიდვის ალტერნატივის პირობებში, ფინანსურ მიმზიდველობას დაკარგავს, 1.2 მილიარდი დოლარით საქართველოს მიერ დაფინანსებული საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალის და ყაზბეგი-ლარსის გვირაბის მშენებლობის პროექტი.
“რუსეთისთვის ზანგეზურის დერეფანი არა მხოლოდ საქართველოს გვერდის ავლით სომხეთთან უმოკლესი გზით დაკავშირების შესაძლებლობაა, არამედ მოხერხებული წვდომაა, აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით თურქეთისა და ირანის ბაზრებზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში გასასვლელად. რაც სრულად ეწერება რუსეთის მისწრაფებაში სხვადასხვა დერეფნების გამოყენებით განავითაროს ჩრდილოეთ – სამხრეთის სატრანსპორტო ღერძი.
მიუხედავად იმისა, რომ ზანგეზურის დერეფანი ირანის წინააღმდეგობას იწვევს, ირანი ირიბად დაინტერესებულია დერეფნის ამოქმედებით.
საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომლისთვისაც ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება, გამოიწვევს საქართველოს რკინიგზის, ნავსადგურების და ბაქო–თბილისი–ყარსის განშტოებიდან ტვირთნაკადების ახალი მიმართულებით გადართვას.
საქართველოს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შედეგად ტვირთნაკადების დაკარგვის საშიშროება, უახლოეს 5 წელიწადში არ ემუქრება. ამიტომ, მიმდინარე ეტაპზე, ქვეყნის პირველი რიგის ამოცანას, საქართველოს მონაკვეთზე მდგრადი და უსაფრთხო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება უნდა წარმოადგენდეს”-, აღნიშნულია კვლევაში.