თბილისში ორი ახალი მეტრო სადგურის მშენებლობა იგეგმება.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროსადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და მშენებლობის შესყიდვის თაობაზე ე.წ. Design-Build მეთოდით ბაზრის კვლევას ატარებს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯამში 4 სადგურის დაპროექტება უნდა განხორციელდეს, აქედან გათვალისწინებულია 2 ახალი, 2 არსებული მეტროსადგურების - ვარკეთილისა და გლდანის მიმართულებით - პროექტირება.
ამასთან, ტექნიკური დავალების თანახმად, ერთი მეტროსადგური დაემატება გლდანის, მეორე კი ვარკეთილის მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტროს ხაზის დაგრძელების სავარაუდო ჯამური სიგრძე 5.2 კმ იქნება, მათ შორის გლდანის მიმართულებით 2.2 კმ, ხოლო ვარკეთილის მიმართულებით 3 კმ.
პროექტის განხორციელების საორიენტაციო ვადა ხუთ წელს შეადგენს, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს.
ამასთან, რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, პროექტისთვის 2025 წელს ბიუჯეტი გათვალისწინებული არ არის, 2026 და 2027 წელს კი იგეგმება 15-15 ანუ ჯამში, 30 მლნ აშშ დოლარის დახარჯვა.
ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძე 26,4 კმ-ია.