მტკვარზე „ქსანი 1“ და „ქსანი 2“ ჰესები აშენდება - ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც მტკვარზე 10-ზე მეტ ჰესს ააშენებს

მდინარე მტკვარზე „ქსანი 1“-სა და „ქსანი 2“-ის მშენებლობა იგეგმება. პროექტს შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ განახორციელებს. ამის შესახებ ირკვევა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნიდან.

დოკუმენტის თანახმად, ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე იქნება - 37.7 მგვტ. საიდანაც თითოეული ჰესის დადგმული სიმძლავრეა: „ქსანი 1“ ჰესი - 18.3 მგვტ, „ქსანი 2“ ჰესი - 19.4 მგვტ. ელექტროენერგიის ჯამური გამომუშავება წლიურად - 178.5 მლნ.კვტ/სთ. იქნება.

„ქსანი 1“ და „ქსანი 2“ ჰესები მოიცავს სათავე ნაგებობებს, ოთხმალიან გამრეცხ რაბებს, თევზსავლებს, წყალმიმღებებს, სააგრეგატო ბლოკებს, ჰესის შენობებს და ნაპირდამცავი დამბებს“, - ვკითხულობთ სკოპინგის დასკვნაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ კალაპოტური ტიპის ორსაფეხურიანი ჰესები კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, სოფ. ქსნის, ხიდისყურის, ძეგვის, სასხორის, ნიჩბისის და მირიანის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

რაც შეეხება კომპანიას, შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორის პოსტს ბოლო მონაცემებით გოჩა მუსელიანი იკავებს, წილების 100%-ს კი სრულად კოკა კოკოლაშვილი ფლობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ენ-სი ჯგუფი 2022“ გარდა ქსანი ჰესებისა, მტკვარზე კიდევ 11 ჰესის მშენებლობას გეგმავს, კერძოდ, აღნიშნული ჰესებია:

  • კასპის მუნიციპალიტეტი, „გრაკალი ჰესი“;
  • გორის მუნიციპალიტეტი, „სკრა ჰესი“;
  • ქარელის მუნიციპალიტეტი, „ქარელი ჰესი“;
  • ქარელის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე „ურბნისი ჰესი“;
  • ხაშურის მუნიციპალიტეტში, „გომი 1“ და „გომი 2“ ჰესები’
  • ხაშურის მუნიციპალიტეტში, „ქვიშხეთი 1“ და „ქვიშხეთი 2 ჰესები“;
  • ქარელის მუნიციპალიტეტში, „ახალსოფელი ჰესი“;
  • კასპის მუნიციპალიტეტში, „კასპი ჰესი“;
  • ხაშურის მუნიციპალიტეტში, „ოსიაური ჰესი“.

hesii-1743509854.jpg

მერი ტაბატაძე