„0+0, თუ არ გვეყოლება სტარტაპები, გადასახადი როგორც არ უნდა შეამცირო, შედეგი არ იქნება“ - ირაკლი ქაშიბაძე

„0+0, თუ არ გვეყოლება სტარტაპები, გადასახადი როგორც არ უნდა შეამცირო, შედეგი არ იქნება“ ,- ამის შესახებ Future Lab-ის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ქაშიბაძემ „პალიტრანიუსზე“ "დილის მონეტიზაციაში" განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ინოვაციური და ტექნოლოგიური მიმართულების სტარტაპები განვითარდეს, ინვესტიციები მსხვილმა კომპანიების უნდა განახორციელონ.

„Future Lab არის საქართველოში პირველი ვენჩურული ფონდი, ჩვენ მივიღეთ ეროვნული ბანკის ლიცენზია და უკვე 15 ქართულ სტარტაპში გავაკეთეთ ინვესტირება. ყველა ჩვენი სტარტაპი არის ამერიკულ ბაზარზე ორიენტირებული. მეორე ნაკადზე შემოვიდა 137 სტარტაპის განაცხადი, იქიდან ახლა შევარჩიეთ 18 და „სილიკონ ველის“, სტენფორდის სპეციალისტების ჩართულობით ჩვენ ვახდენთ მათ გადამზადებას, რომ უკვე დაიწყონ ოპერირება ამერიკის ბაზარზე. ყველა სტარტაპი არის შექმნილი პროგრამისტების მიერ და ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი ტალანტი, რომელიც დღესაც დასაქმებულია კერძო სექტორში, ბანკებში წამყვან აუთსორს კომპანიებში, მოდიან ჩვენთან, რომ მიიღონ ცოდნა, შესაძლებლობები, ეკოსისტემასთან დაშვება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ტალანტები გვყავს, გვაქვს რესურსი, მაგრამ ძალიან ცოტა არის ფული ამ მიმართულებით. მხოლოდ გრანტები ამას არ შველის.

მე ვფიქრობ, რომ შეღავათებთან ერთად, ბევრი ხელშეწყობა უნდა იყოს იმ კერძო მსხვილი კომპანიების [მხრიდან], რომლებიც სტარტაპებში განახორციელებენ ინვესტირებას. არის ასეთი მოდელები მსოფლიოში, როდესაც შენ გადასახადის ნაწილს მიმართავ ინოვაციებში, კვლევებში, განვითარებაში. მე ვფიქრობ, ეს უფრო ეფექტიანი შეიძლება იყოს იმიტომ, რომ 0+0, თუ არ გვეყოლება სტარტაპები, გადასახადი როგორც არ უნდა შეამცირო, ან უკეთესი გარემო შექმნა, შედეგი არ იქნება.

კი, შეიძლება, უამრავ რეგიონულ მოთამაშეში ამან ძალიან კარგი განწყობა შექმნას, უამრავი სტარტაპი ჩამოვა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჩვენი ლოკალური სტარტაპების განვითარება, რომლებიც უკვე ეკონომიკას გააძლიერებენ“, - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით, სტარტაპერების ნაწილი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. კერძოდ, საუბარია იმ დამწყებ ბიზნესებზე, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ 10 წლის განმავლობაში საგადასახადო შეღავათები ექნებათ, ხოლო, 3 წელი ნულოვანი საშემოსავლო.

ნინი ქეთელაური