გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უკვე დასრულდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე ცნობით, სამუშაოები გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდა, სადაც გზის სავალი ნაწილის საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარდა, ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია განხორციელდა. ტერიტორიაზე მოეწყო შუქნიშნის ორი ობიექტი, რომელთა მუშაობასაც ხელოვნური ინტელექტი დაარეგულირებს. ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი. გარდა ამისა, გამოიყო დამატებითი საავტომობილო ზოლიც.
რამდენად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას, მერიის მიერ გმირთა მოედნის მიმდებარედ განხორციელებული სამუშაოები, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა,მევლუდ მელაძემ ისაუბრა.
„ლაგუნა ვერეს მიმდებარე მონაკვეთზე ყველაზე დიდი პრობლემა ირიბად გადაწყობასთან დაკავშირებით იქმნებოდა, რაც მარჯვენა ზოლიდან მარცხნივ და პირიქით გადასვლა-გადმოსვლას გულისხმობს. ასეთ დროს გამოსავალი განივი კვეთაა და ის რაც უფრო მეტად განივია, უკეთესია. ამ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა - განივი კვეთა საგრძნობლად შემცირდა, რადგან შუაში გაკეთდა ბეტონის კედელი, რომელიც ძალიან შორს ჩადის და იქ შუქნიშნით გადაწყობა ძალიან პატარა არეალზე ხდება.
ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ მაკავშირებელი გზა, რომელიც ვაკე-საბურთალოზე გადადის, აბსოლუტურად ჩაიხერგება და დიდი საცობები გაჩნდება. მაგ მონაკვეთზე ნებისმიერი ერთი შეჩერება, ახალ პრობლემასა და შეფერხებას წამოშობს. არ არსებობს, უბრალოდ, არ არსებობს, რომ უკან უკიდეგანო საცობი არ გაჩნდეს. მეორე მხრივ, თუ გვინდა, რომ იუსტიციის სახლისკენ მიმავალი გზის გათავისუფლება მოხდეს, ამას მივიღებთ, ოღონდ, საბურთალოს მხარის ყულფში მოქცევის ხარჯზე.
არსებულ მონაკვეთზე მთავარი გამოწვევა იყო და არის, რომ ვაკე-საბურთალოდან მომავალ მანქანათა ნაკადი, დიღომის მიმართულებით შეუფერხებლად გადავიდეს და ამაში მათ ხელი იუსტიციისკენ მიმავალ მანქანათა ნაკადმა არ შეუშალოს. კარგი იქნებოდა მინი ესტაკადის გაკეთება და ამ ორი ზოლის ერთმანეთისგან საერთოდ გაყოფა. სხვა შემთხვევაში, გამორიცხულია, არსებული გადატვირთულობა განიმუხტოს. ეს 3 ზოლი კარგად გამოიყურება, მაგრამ შუქნიშანი იმდენად შემაფერხებელი იქნება, რომ უკან 3 ზოლი საკმარისი არ იქნება. შესაბამისად, ახალი 3-ზოლიანი განლაგებით პრაქტიკული პრობლემა არ მოგვარდება.
რაც შეეხება იმას, რომ შუქნიშნების მუშაობას ხელოვნური ინტელექტი დაარეგულირებს, კარგი ამბავია, რადგან, ვფიქრობ, ის ამას გაცილებით უკეთესად გააკეთებს, ვიდრე აქამდე რაც ან ვინც აკეთებდა“, - აღნიშნა მელაძემ.