ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
რა ქონებას ფლობს კახაბერ გულედანი, რომელიც რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს ლილუაშვილის ნაცვლად დაიკავებს

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად კახაბერ გულედანი დაიკავებს.

კახაბერ გულედანი ამ დრომდე თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე იყო. მანამდე, 2016-17 წლებში ის იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მოგვიანებით კი, სამგორის რაიონის გამგებელი და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს კახაბერ გულედანი.

როგორც ცნობილია, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე უნდა იყოს საჯაროდ განთავსებული, თუმცა, რამდენიმე თვეა დეკლარაციები საიტზე ხელმისაწვდომი არ არის. ამის მიზეზად კი ვებგვერდის ტექნიკური სამუშაოები სახელდება.

თუმცა, სანამ ეს დეკლარაციები ჯერ კიდევ საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.

აღნიშნული ბაზის მიხედვით, კახაბერ გულედანმა ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის მაისში შეავსო.

დოკუმენტის თანახმად, კახაბერ გულედანის სახელზეა საცხოვრებელი სახლი მესტიაში, ასევე 3 მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტში ხოლო ერთი - თბილისში. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ყველა უძრავი ქონება მისი მემკვიდრეობაა.

ამასთან, მისი მეუღლის სახელზეა ბინა თბილისში, რომელიც ასევე მემკვიდრეობით გადაეცა მას.

გარდა ამისა, კახაბერ გულედანს ჰყავს toyota land cruiser, რომელზეც დეკლარაციაში მითითებულია, რომ მას აჩუქეს.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დოკუმენტის შევსების მომენტში ფლობდა „თიბისი ბანკის“ მიმდინარეზე 700 დოლარს, ხოლო სახელფასოზე 3 803 ლარს. ასევე, წილის გასხვისებიდან მიღებულ შემოსავალს 65 000 აშშ დოლარის ოდენობით.

ამასთან, დეკლარაციაში მითითებულია, რომ ის არის შპს CZAR CAPITAL-ის 100%-ანი მეწილე უვადოდ, შპს კოფე მიქსი-ის 50% და შპს საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის 26%-ანი წილის მფლობელი, უვადოდ. თუმცა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამეწარმეო საქმიანობას ის არ ახორციელებს.

დეკლარაციის მიხედვითვე, კახაბერ გულედანმა დედაქალაქის მერის მოადგილის პოსტზე, 2023 წელს ხელფასის სახით 72 513 ლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2 უწყებად ჩამოყალიბების შესახებ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კვლავ ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, ხოლო რეგიონული განვითარების სამინისტრო სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს უნდა ჩაებარებინა. თუმცა, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ მინისტრმა განაცხადა, „გრიგოლ ლილუაშვილთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არსებობდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით“.

ნინი ქეთელაური