საქართველოში რძის იმპორტი თითქმის გაორმაგდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტი წლიურად 93%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში შემოვიდა 3 448 ტონა რძე, რომლის ღირებულებამაც 3.42 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში იმპორტირებული იყო 1 786 ტონა რძე, რის ღირებულებაც 2.14 მილიონ დოლარს აღწევდა.
შარშან საანგარიშო პერიოდში 1 ლიტრის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.2 დოლარი იყო, 2025 წლის პირველ ორ თვეში კი 99 ცენტი. მონაცემები აჩვენებს, რომ საიმპორტო ფასი 17.5%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი რაოდენობის რძე საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანის წილი მთლიანი რძის იმპორტში თითქმის 60% იყო.