„დასავლეთ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით არალეგალურად გადის დიდი რაოდენობის თაფლი“ - პაპავა

„თურქეთში, სადაც საკმაოდ მაღალია თაფლის ფასი, ვიდრე ევროპაში, ლეგალურად ვერ ვახერხებთ თაფლის შეტანას“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ ისაუბრა.

„დასავლეთ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით არალეგალურად გადის დიდი რაოდენობის თაფლი. საქართველოს თურქეთთან აქვს ვაჭრობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კვოტით 200 ტონაზე მეტი თაფლია გაწერილი, თუმცა, ლეგალურად ერთი გრამიც არ არის გასული. ამ საკითხის მოგვარებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უნდა ჩაერთოს ეკონომიკის სამინისტრო.

ევროკავშირში, სადაც ყველაზე მკაცრი მოთხოვნები არსებობს ხარისხთან დაკავშირებით, ქართული თაფლი ექსპორტზე გადის, ხოლო თურქეთში, სადაც ევროპასთან შედარებით, თაფლის ფასი საკმაოდ მაღალია, ლეგალურად ვერ ვახერხებთ თაფლის შეტანას.

ქართული თაფლი ასეთი სუფთა დიდი ხანია არ ყოფილა. ჩვენ, თუნდაც 5%-იანი დანაგვიანებით, ბევრ ევროკავშირის ქვეყანას ვუსწრებთ წინ. ჩვენთან უფრო მცირეა დანაგვიანება და ეს არ არის იმის საფუძველი რომ თურქულმა მხარემ ქართული თაფლი შეზღუდოს და მათ ბაზარზე შესვლა აკრძალოს.

ამ კუთხით, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკის სამინისტრომ უნდა იმუშაოს და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები უნდა აღმოიფხვრას. უნდა მოხდეს ქართული თაფლის სხვა ბაზრებზე, მათ შორის თურქეთში გატანა,“ - განაცხადა პაპავამ.

მაგდა შენგელია