ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„ჩვენი სარგო ჩინეთიდან მინიმალურია, სამაგიეროდ, ჩვენგან სარგებელი სუპერ იაფია მათთვის“ - ალავიძე

“ის რომ, ჩინეთს ყველგან მარტივად სურს შეღწევა, პრობლემად დარჩება, არაფერი ჩვენთვის უკეთესი არ იქნება. მეტიც, თეორიულად ჩვენთვის ეს პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს” - ამის შესახებ “ჯეოქეისის” მრჩეველთა საბჭოს წევრმა ნიკოლოზ ალავიძემ “ ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციისთვის, ჩინეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეწყვეტილ USAID -ის აზიურ პროექტებში ჩანაცვლებას ცდილობს. როგორც უცხოური მედია წერს, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ნეპალის მთავრობას USAID-ის დაფინანსების ვაკუუმის საკუთარი სახსრებით შევსება შესთავაზეს.

როგორც ნიკოლოზ ალავიძე ამბობს, ამ მხრივ, საქართველო როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად მოწყვლადია, შესაბამისად, ჩინეთისთვის შესაძლოა, ნომერი პირველი "მსხვერპლი" გახდეს.

“წლებია ვაკვირდებით ჩინურ ექსპანსიას, მაგრამ მათი 3000-წლიანი კორპორატიული გამოცდილებით, მაინც ჩაკეტილია, შიგნით ვითარდება და გარე ექსპანსია ყოველთვის ნეგატიური ჰქონდა. ისინი არ არიან ღირებულების შექმნაზე ორიენტირებულნი ქვეყნის გარეთ. თუ იმ დამსახურებებზე ვისაუბრებთ, რაც ახლა ADB-ს აქვს, ის დარჩა მთავარი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში, იქ აზიური და ჩინური წილი დიდია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, მისი მთავარი დამფუძნებელი მაინც მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ამერიკის მთავრობა და სხვა დემოკრატიული ქვეყნებია. აქედან გამომდინარე, ის რომ, ჩინეთს ყველგან მარტივად სურს შეღწევა, პრობლემად დარჩება, არაფერი ჩვენთვის უკეთესი არ იქნება. მეტიც, თეორიულად ჩვენთვის ეს პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ჩინეთი დიდი ხანია არსებობს, ბევრი რამ აქვს კაცობრიობისთვის შექმნილი, კიდევ ბევრს შექმნიან, მაგრამ მათი მთავარი ღირებულება არ არის დემოკრატიულ, თანაბარ პირობებზე დაფუძნებული კონკურენცია. შესაბამისად, მათი მხრიდან ინტერვენცია თუ იქნება, ეს იქნება მოტივირებული „კორპორატიული ძალმომრეობით“ და მხოლოდ მათ პირადი ინტერესის გათვალისწინებით. მითუმეტეს, როდესაც კონკურენცია შეზღუდულია და სხვა არ აინტერესებს. ამ მხრივ, როგორც ეკონომიკურად, ის პოლიტიკურად საქართველო იქნება ნომერ პირველი მსხვერპლი. იმიტომ, რომ ყველაზე მოწყვლადი ახლა ვართ.

მოდით ობიექტურად შევხედოთ, დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, რა პოზიტიურ გავლენაზე ორიენტირებული დახმარებით გამოირჩეოდა ჩინეთის ურთიერთობა საქართველოსთან?! ჩვენ ვიგონებთ რაღაცას, რომ გავზარდეთ ეკონომიკური ურთიერთობები, რეალურად, ჩვენი სარგო ჩინეთიდან მინიმალურია. სამაგიეროდ, ჩვენგან სარგებელი სუპერ იაფია მათთვის. რა წამსაც მოუნდებათ, შეუძლიათ ყოველგვარი თეთრის გადახდის გარეშე მიაღწიონ სასურველს”,- ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

ნინი ქეთელაური