“გერმანიის სანქციები ვიღაცაზე ინდივიდუალურად კი არ არის მიმართული, რომ მას ხიზილალა გაუძვირდება, ან დასასვენებლად მილანში ვერ წავა, არამედ, ეს არის ქვეყნის უბედურება, რომელიც საშუალო და გრძელვადიან ჭრილში პირდაპირ აისახება ჩვენთან თანამშრომლობაზე”, - ამის შესახებ “ჯეოქეისის” მრჩეველთა საბჭოს წევრმა ნიკოლოზ ალავიძემ “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიამ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები“, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა. ამასთან, მოსამართლეებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. დიდი ბრიტანეთის გლობალური ანტიკორუფციული სანქციების აქტი ფინანსური და ეკონომიკური რესურსების გაყინვას ითვალისწინებს
„ეს არის ძალიან მძიმე და ცუდი ფაქტი. გერმანია იქნება ეს, საფრანგეთი, პორტუგალია, თუ ესტონეთი. ეს იმ კონკრეტული მაღალჩინოსნის ტრაგედია კი არ არის, ვინც ძალიან კარგად გრძნობს თავს, ვინც მისი ხელფასის სრულიად შეუსაბამოდ იმოსება და თავისი life style-ით იწონებს თავს, რაც მის ლეგალურ შემოსავალს 700-800%-ით აღემატება, არამედ, ქვეყნის ტრაგედიაა, თუ დასანქცირებულ პირს აქვს შესაძლებლობა, “სუპერ ლაქშერი” ბრენდის სამოსით იაროს და ქართულ მშპ-თან შედარებით, სრულიად აცდენილი იყოს. პრობლემა აქვს ქვეყანას, მის 3.7 მლნ მოსახლეს და ქვეყნის რეპუტაციას, რომლის აღდგენა არის ძალიან რთული.
მე შეიძლება არ მომწონს როგორც იქცევა ჩემი შვილი, მაგრამ მისი ამ საქციელის გასაპროტესტებლად, მას არ ვკეტავ სახლში, არ ვცემ, არ მომყავს ჩემი კუნთმაგარი მეგობრები, რომ შევაშინო და ვცდილობ, სხვა მეთოდით მოველაპარაკო. ამიტომ, გერმანიის სანქციები ვიღაცაზე ინდივიდუალურად კი არ არის მიმართული, რომ მას ხიზილალა გაუძვირდება, ან დასასვენებლად მილანში ვერ წავა, ან კომოს ტბაზე, წავა დუბაიში, არამედ, ეს არის ქვეყნის უბედურება, რომელიც საშუალო და გრძელვადიან ჭრილში პირდაპირ აისახება ჩვენთან თანამშრომლობაზე, თუ ზოგადად ურთიერთობაზე.
ყველამ ვიცით, რომ ეს პროტესტი არის ძალიან სამართლიანი, სუპერ ცივილური, 120 დღეზე მეტ ხნიანი პროტესტი არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. იმის საჭიროება, რომ მას ძალმომრეობა საჭიროებდეს, არ არსებობს”, - ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.
მისი თქმით, სანქციების დაწესებას სხვა ქვეყნებისგანაც უნდა ველოდოთ, რადგან ეს ღირებულებათა კონფლიქტია და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა.
“ეს აუცილებლად გადაედება სხვა ქვეყნებსაც, იმიტომ, რომ ეს ხომ ღირებულებათა კონფლიქტია. გლობალურად , ცივილური სახელმწიფოს ღირებულებები ხომ ასე არ შეიცვლება. სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები… ეს საფრთხე არის ღირებულებითი, რომელიც ჩინოვნიკების ძალმომრეობით ხდება.
ამიტომ, ლოგიკურია, რომ ყველამ გაიზიაროს გერმანიის შემართება. რადიკალური ფორმაა უკვე სანქცირება, უკიდურესი, მაგრამ სანქციების გარეშე ხომ ეს რეპუტაცია უცვლელად იქნება?!”, - ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.