„შეიძლება ბიზნესი გაფართოებაზე ფიქრობდეს, მაგრამ კადრების ნაკლებობის გამო, ვერ გამოდიოდეს“ - ჭელიძე

„ბიზნესები განიცდიან პროფესიულ კადრების ნაკლებობას“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ ჭელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა განათლების სისტემის გაძლიერება პროფესიული განათლების კუთხით. კერძოდ, პროფესიულმა სასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ, საჭიროებისამებრ, კონკრეტული პროფესიების კადრების გადამზადება.

„ბიზნესები განიცდიან პროფესიულ კადრების ნაკლებობას. ეს რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული: ერთი რომ, კადრების გადინება ხდება ქვეყნიდან; მეორე, პროფესიული კადრებზე მოთხოვნა მეტია, მიწოდება კი ნაკლები. ამ ნაწილში განათლების საკითხზეა სამუშაო.

პროფესიულმა სასწავლებლებმა დროულად უნდა მოამზადონ ისეთი კადრები, რომლებიც სჭირდება ბიზნეს; ასევე, ისეთი მასალით უნდა გაიარონ მომზადება, რომელიც შეთანხმებულია ბიზნესთან და პროგრამის დასრულების შემდეგ ადეკვატურად იქნებიან მომზადებულები დასაქმებისთვის“, - თქვა ჭელიძემ.

კითხვაზე, კადრების ნაკლებობა უქმნის თუ არა პრობლემას ბიზნესებს გაფართოების კუთხით, ჭელიძემ პასუხობს, რომ შესაძლოა, კომპანიები მეტად ფიქრობდნენ საქმიანობის ზრდაზე, მაგრამ კადრების დეფიციტის გამო, ვერ ახერხებდნენ.

„გარკვეულწილად ახერხებენ [გაფართოებას]... მაგრამ, როდესაც რაღაცას გეგმავ და კადრების ნაკლებობას განიცდი, რა თქმა უნდა, პრობლემაა. შეიძლება უფრო მეტად ფიქრობდეს ბიზნესი გაფართოებაზე და კადრების ნაკლებობის გამო, ვერ გამოდიოდეს. ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის [ბიზნესს] რა მდგომარეობა აქვს. თუმცა, მთლიანობაში საკითხი პრობლემურია“, - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

მერი ტაბატაძე