2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდულმა პრემიამ 1.259 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 18%-იანი ზრდაა. კერძოდ, 2023 წელს მოზიდული პრემია 1.064 მილიარდი ლარი იყო.
სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვის თანახმად, გასულ წელს მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 307 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 127 მილიონი ლარი შეადგინა.
მოზიდული სადაზღვევო პრემიის კუთხით ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება სამედიცინო და ავტოდაზღვევების კუთხით. კერძოდ, 2024 წელს 19%-იანი ზრდა აჩვენა სამედიცინო დაზღვევის პრემიებმა და 553.8 მილიონ ლარს მიაღწია (2023 წელს 466.8 მლნ ლარი იყო).
რაც შეეხება სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევას [რკინიგზის ტრანსპორტის გარეშე] 2024 წელს მოზიდულმა პრემიამ 256.3 მლნ ლარი შეადგენდა, რაც წლიურად 24.8%-იანი ზრდაა (2023 წელს 205 მლნ ლარი).
„საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
კერძოდ, რაოდენობრივად სამედიცინო მიმართულებით 2024 წელს 741 174 პოლისი იყო გაცემული, ავტოდაზღვევისთვის გაცემული პოლისების რაოდენობამ კი 138 219 შეადგინა.
რაც შეეხება ანაზღაურების კომპონენტს, გასულ წელს კომპანიებმა ჯამურად 760 მლნ ლარი აანაზღაურეს.
5 სადაზღვევო კომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი ღირებულების ზარალი აანაზღაურა, 2024 წელს ასე გამოიყურებოდა:
ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.