ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„რატომ უნდა ეფრინათ ქართველებს სამშობლოში მესამე ქვეყნებიდან?!“ - Georgian Airways რუსეთში ფრენების დამატებას გეგმავს

Georgian Airways ზაფხულიდან რეისებს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგიდანაც შეასრულებს. ამის შესახებ რუსულ RBC-სთან ინტერვიუს დროს ავიაკომპანიის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად Georgian Airways რუსეთის სამ ქალაქში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში დაფრინავს. ნოვოსიბირსკში ზამთრის სეზონზე რეისები შეჩერებული იყო, თუმცა აპრილში განახლდა.

„გაუგებარია, რატომ უნდა ეფრინათ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში მესამე ქვეყნებიდან?! ეს მთლად სამართლიანი არ არის”

“ვნახოთ, როგორი იქნება მგზავრთა ნაკადი. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ნაკადი რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. რეისებით, ძირითადად, ქართული დიასპორა სარგებლობს, რომელთაც სამშობლოში ჩასვლა ფრენების აღდგენამდე მესამე ქვეყნებიდან უწევდა,” - ამბობს გაიაშვილი.

კითხვაზე, თუ რატომ აირჩია ნოვოსიბირსკი, გაიაშვილი პასუხობს, რომ “ციმბირი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა რუსეთისთვის და იქ ისტორიული ფრენების ამოცანას “ქართული ავიარაზმი” საბჭოთა პერიოდში ასრულებდა. ამდენად, ავიაკომპანია ამ “ისტორიულ უწყვეტობას” უზრუნველყოფს.

გაიაშვილის თქმით, Georgian Airways-ს საკმარისი პარკი აქვს, რომ კვირაში ორი-სამი რეისი შეასრულოს.

რაც შეეხება, ავიაკომპანიის მიმართ მოქმედ უკრაინულ სანქციებს, გაიაშვილი ამას “არაკეთილსინდისიერ ნაბიჯს” უწოდებს.

“როცა, ასევე, იყო კონფლიქტი 2008 წელს, უკრაინას არ შეუწყვეტია ფრენები. უკრაინული ავიაკომპანია დღეში, დაახლოებით, 20 რეისს ასრულებდა და არავინ იმჩნევდა ქართულ კონფლიქტს. ისინი დაფრინავდნენ, თითქოს, არაფერი ხდებოდა. ამის გამო საქართველოში ბოიკოტი არავის გამოუცხადებია… გაუგებარია, რატომ უნდა ეფრინათ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში მესამე ქვეყნებიდან?! ეს მთლად სამართლიანი არ არის,” - აცხადებს გაიაშვილი.

მისი თქმით, უკრაინულ სანქციებს ავიაკომპანიაზე პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია, რადგან უკრაინაში ფრენები არ ჰქონია და ეს სანქციები უფრო „მორალურად არის არასწორი და ცუდი, რაც ერებს ერთმანეთისგან ჰყოფს.“

რუსი ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის ავიაკომპანიისთვის უარესი, მაგალითად, უკრაინის სანქციები თუ რუსეთში ფრენების გაუქმება, გაიაშვილი პასუხობს, რომ “უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გონივრული ნაბიჯები” და ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ის, თუ რა იწვევს ფრენების გაუქმებას ან რაიმე სახის სანქციებს.

რუსულ ავიაწარმოებასთან დაკავშირებით, თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ “საბჭოთა და რუსული ტექნოლოგია მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი იყო.“ ამდენად, Georgian Airways რუსეთში თვითმფრინავების წარმოებას დააკვირდება და მათ შეძენასაც არ გამორიცხავს.

ასევე, ავიაკომპანიაში მუშაობენ რუსი პილოტები და საქართველოში, მისი თქმით, ასეთი მოთხოვნა არის, რადგან „პილოტობა საერთაშორისო პროფესიაა.“

“მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ, ისინი ჩვენთვის მუშაობენ და გააგრძელებენ მუშაობას,” - ამბობს გაიაშვილი.

კითხვაზე, რუსეთში ე.წ. სველი ლიზინგის, ანუ თვითმფრინავის ეკიპაჟით გადაცემის შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, მზად არის თუ არა, Georgian Airways-ის თვითმფრინავები ეკიპაჟით რუსულ ავიახაზებს იჯარით გადასცეს, გაიაშვილი პასუხობს, რომ ამ დონემდე ასასვლელად ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა განვითარდეს.

რაც შეეხება ჩინეთს, გაიაშვილის ცნობით, Georgian Airways სამ წელზე მეტია, ამ მიმართულებით სატვირთო რეისებს ასრულებს, ამჯერად კი სამგზავრო ფრენებსაც განიხილავს, რისთვისაც ავიაკომპანიამ Boeing 767-ის დიდი თვითმფრინავები მიიღო.

“ჩვენ განვავითარებთ ამ მიმართულებას. ბუნებრივია, იქ მგზავრთა დიდი ნაკადი იქნება,” - ამბობს გაიაშვილი.

კითხვაზე, თუ რა სირთულეებს აწყდება ავიაკომპანია, როცა რუსეთში ბიზნესს ეწევა, გაიაშვილი პასუხობს, რომ “ცნობილი 90-იანი წლების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაში ეკალივით დარჩა აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი.”

“ვფიქრობ, ეს დროის საკითხია და ხვალ ან ზეგ მოგვარდება, თავის ადგილზე დადგება და ყველაფერი აღდგება,” - აცხადებს Georgian Airways-ის დამფუძნებელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ