რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაამტკიცა. რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე კერძო უყარეს და მხარი დაუჭირს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის დანიშვნას.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ქონებით იკავებს სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს:

შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა. 2024 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ 5 ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში, სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არის სულხან თამაზაშვილიც.

გასული წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს შსს-ში დაკავებული პოზიციისთვის თამაზაშვილმა ხელფასის სახით 98 892 ლარი აიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეკლარაციის შევსების მომენტში თამაზაშვილს სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ჰქონდა 1101 ლარი.

ამასთანავე, დოკუმენტების მიხედვით, თამაზაშვილების ოჯახს ავტომობილი არ ჰყავთ.

რაც შეეხება უძრავ/მოძრავ ქონებას, თამაზაშვილის ოჯახი ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ქობულეთში, აგარაკს კი წავკისში. ამასთანავე, სულხან თამაზაშვილმა 2011 წელს 50 000 ლარად თბილისში შეიძინა ბინა.

გარდა ამისა, თამაზაშვილს აქვს საბანკო ვალდებულება ერთ-ერთ მსხვილ ბანკში. მან ათწლიანი სესხი 2023 წელს აიღო, მოცულობა კი 60 000 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუმცა, რამდენიმე თვეა დეკლარაციები საიტზე ხელმისაწვდომი არ არის. ამის მიზეზად კი ვებგვერდის ტექნიკური სამუშაოები სახელდება. თუმცა, სანამ ეს დეკლარაციები ჯერ კიდევ საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლის ნოემბრამდე (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.

მერი ტაბატაძე