დღეს დილიდან მსოფლიო საფონდო ბირჟებზე გაყიდვები გააქტიურდა, რაც ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 211 ქვეყნისა და ტერიტორიის მიმართ 10-50%-იანი ტარიფების დაწესების შემდეგ დაიწყო.
კერძოდ, ევროპაში ვაჭრობის გახსნისას გერმანული DAX 40-ინდექსი 10,42%-ით დაეცა და 18 489,91 პუნქტი შეადგინა. ბრიტანული ბენჩმარკა, FTSE 100-ი 6.33%-ით, 7544.83 პუნქტამდე, ხოლო ფრანგული CAC 40-ი 7.03%-ით, 6763.76 პუნქტამდე დაეცა.
3 და 4 აპრილს ფართო ბაზრის ამერიკული ინდექსი, S&P 500-ი 10,53%-ით, ტექნოლოგიური NASDAQ Composite 11,44%, ხოლო ინდუსტრიული Dow Jones Industrial Average 9,26% დაეცა.
7 აპრილს აზიის ბაზრებიც დიდი მინუსით დაიხურა. კერძოდ, Nikkei-ინდექსმა, რომელიც იაპონიის 225 წამყვანი კომპანიის დინამიკას ასახავს, 7,83% დაკარგა და 31136.36 პუნქტამდე შეადგინა. ტოკიოს საფონდო ბირჟის მონაცემებით, იაპონიის TOPIX-ინდექსი 7,79%-ით დაეცა და 2288.66 პუნქტს მიაღწია.
შანხაის ვაჭრობისას ჩინურმა CSI 300-ინდექსმა დღის განმავლობაში 7,05% დაკარგა და 3589,44 პუნქტამდე, ხოლო ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟის საკვანძო ინდექსი, Hang Seng-ი 13,22%-ით შემცირდა.
ამასთან, დილის საათებში Brent-ის ნავთობის ივნისის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ICE-ბირჟაზე 4,54%-ით დაეცა და ბარელზე 62,6 დოლარი შეადგინა. Brent-ი ბარელზე 63 დოლარზე დაბლა, თითქმის, ოთხი წლის შემდეგ, 2021 წლის 12 აპრილიდან პირველად ივაჭრება.
Financial Times-ის შეფასებით, გაყიდვები იმიტომ გაძლიერდა, რომ ბანკები ჰეჯ-ფონდის კლიენტებისგან მეტი თანხის ჩადებას ითხოვენ, რადგან მათი პორტფელი შემცირდა.
Morgan Stanley ინვესტორებს მზადყოფნისკენ მოუწოდებს, რომ S&P 500-ინდექსი შესაძლოა, კიდევ 7-8%-ით შემცირდეს, თუ ტარიფების შესახებ შეშფოთება არ ჩაცხრება და Fed-რეზერვი ზომებს არ მიიღებს.
Goldman Sachs Group-ის ეკონომისტებმა აშშ-ში რეცესიის ალბათობა 35%-დან 45%-მდე გაზარდეს.
“პანიკის ზოგადი განცდაა. ყველაფერი კვდება. კარგი კომპანიებიც კი კარგად ვეღარ, არამედ შედარებით კარგად იცხოვრებენ,” - განუცხადეს Bloomberg-ს კომპანია EFG Asset Management-ში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ