ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
Audi-მ და Jaguar-მა აშშ-ში მიწოდება შეაჩერეს

ავტოკონცერნ Volkswagen Group-ში შემავალმა Audi-მ დროებით შეაჩერა ავტომობილების გადაზიდვა, რომლებიც აშშ-ის პორტებში 2 აპრილის შემდეგ შევიდა.

ინფორმაციას Reuters კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Audi-მ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2 აპრილს პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფი გამოაცხადა. კომპანია განმარტავს, რომ ამჟამად თავიანთ ოპერაციებზე ახალი ტარიფების შესაძლო გავლენას აფასებენ.

Volkswagen-ის მონაცემებით, შეჩერებულია, დაახლოებით, 37,000 ავტომობილის გადაზიდვა, რა რეზერვიც აშშ-ში Audi-ს, დაახლოებით, ორთვიან გაყიდვებს მოიცავს.

მსგავსი ნაბიჯი მანამდე ბრიტანულმა ავტომწარმოებელ Jaguar Land Rover-მა (JLR) გადადგა და აშშ-ში მიწოდება ერთი თვით შეაჩერა, რომ ტარიფების გავლენა შეეფასებინა.

„ჩვენ გარკვეულ მოკლევადიან ზომებს ვიღებთ. მათ შორის არის აპრილში გადაზიდვების შეჩერება. ჩვენ საშუალო და გრძელვადიან გეგმებს ვამუშავებთ,“ - აცხადებენ კომპანიაში.

JLR შესაძლო საპასუხო ზომებს არ ამჟღავნებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პერსონალის შემცირებას არ აპირებს.

Audi განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაშია, რადგან აშშ-ში წარმოების საკუთარი ობიექტები არ აქვს. ამერიკულ ბაზარზე ბრენდის ყველაზე პოპულარული მოდელი მექსიკაში აწყობილი Audi Q5-ია, დანარჩენი მოდელები კი, ძირითადად, ევროპიდან არის მიწოდებული.

გამოცემა Automotive News აზუსტებს, რომ დილერებისთვის გაგზავნილ მემორანდუმში Audi-მ 2 აპრილიდან „შემდეგ განკარგულებამდე“ ყველა მიწოდების გაყინვა გამოაცხადა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ